ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: წუთისოფლის საზრუნავები
ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა. ნუთუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულის ცხოვნებაზე? არა, ძმაო ჩემო. არავინ ითხოვს შენგან, რომ დასტოვო ყოველი ხორციელი საქმე და იფიქრო მხოლოდ სულის ცხონებაზე. ორნაირად შეიგიძლია შენ მიიღო და აღასრულო სიტყვა ღვთისა. პირველად, ცოტაოდენი შენი დროება სრულიად და განუყოფელად მოახმარე ამ დიდს საქმეს, მაგალითებრ, როდესაც სდგეხარ საყდარში, სხვაზე ნურაფერზე ნუ ფიქრობ და ზრუნავ, მხოლოდ ის ეცადე, რომ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხო გულში. ეგრედვე ყოველს დღეს დილით და საღამოთი რაოდენიმე წამი განუყოფლად მოიხმარე მისთვის, რომელ განიზრახო სიტყვისა ღვთისა და მის აღსრულებისათვის. მეორედ, როდესაც შენ შეუდგები სოფლიურთა შენთა საქმეთა, რასაც გინდა აკეთებდე, სადაც გინდა იყო, მაინც ნუ დაგავიწყდება სიტყვა ღვთისა. ეს არა თუ არ დაგიშლის შენს შრომასა და მოქმედებასა, არა თუ არ დააბრკოლებს რომელსამეშენსა საქმესა, არამედ კიდეც მოგეხმარება. მართალია, ცუდს საქმეს კი დაგიშლის, უწმინდურს და ავ საქმეში შეგაწუხებს და გტანჯავს სინიდისისაგან შენისა, გარნა ეს შენთვისვე არის უმჯობესი. ხოლო როდესაც შენ შეუდგები კეთილს ანუ სასარგებლო საქმესა, მაშინ უთუოდ, ხსოვნა და განზრახვა სიტყვისა ღვთისა კიდეც მოეხმარება და კეთილად წარმართავს მას.