ღირსი მასტრიდია
მოიხსენიება 24 ნოემბერს (ახალი სტილით: 7 დეკემბერს)
ღირსი მასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმიდა ცხოვრებას გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა, შინ გამოკეტილიყო - ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიეთ აცთუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმიდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცთუნებისაგან საკუთარი თავი და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმიდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გალია.