წმიდა იოვანე IV ყოვლისა საქართველოისა კათოლიკოს პატრიარქი - ოქროპირად წოდებული
მოიხსენიება 3 მარტს (ახალი სტილით: 16 მარტს)
წმიდა იოვანე IV ქართლის კათოლიკოსის ტახტზე ავიდა კათოლიკოს არსენ II-ის (955-980) შემდეგ, მეფე დავით კურაპალატის დროს. იოვანე 980-1001 წლებში განაგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას.კათალიკოს ბასილი III-ის (1065-1080) თხზულებაში, "თხრობაი სასწაულთათვის წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოსა" მოთხრობილია, რომ წმიდა იოვანეს მშობლებს დიდხანს არ ჰყავდა შვილი და წმიდა შიო მღვიმელს (ხს. 9 მაისს) ევედრებოდნენ მეოხებას. შვილის შეძენის შემდეგ ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილი აღსაზრდელად შიო მღვიმის მონასტერში მიაბარეს, სწორედ მონასტერში შეიძინა წმიდა იოვანემ ის სიწმიდე და სიბრძნე, რის გამოც ერმა მას ოქროპირ-კათალიკოსი უწოდა და ასე შევიდა იგი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში.
ტაო-კლარჯეთში, პარხლის მონასტრის წარწერაში მოხსენიებულია მონასტრის აღმშენებელი მეფე დავით კურაპალატი ( 1001) და "ქართლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა პატრიარქი იოვანე". პროფესორ ვალერი სილოგავას გამოკვლევით საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებიდან პატრიარქის ტიტული პირველად იოვანე IV-ს მიენიჭა. მკვლევარის აზრით: "აქამდე მიღებული იყო, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელებმა პატრიარქის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს და პირველი ასეთი იყო მელქისედეკ I (1010-1033). მელქისედეკის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას მისი ბიზანტიაში ხშირი მოგზაურობით, კონსტანტინეპოლის საიმპერატორო კარზე დიპლომატიური საქმიანობით, ბიზანტიის სამ იმპერატორთან ბასილი III (976-1025), კონსტანტინე VIII (1025-1028) და რომანოზ III არგვიროსთან (1028-1034) ახლობლობით ხსნიან"... ქვეყნის საეკლესიო საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის უმაღლესი ტიტულის მოპოვებას და მინიჭებას უფრო სერიოზული და მნიშნვნელოვანი საფუძველი ჰქონდა და ქვეყნის საერთო პოლიტიკური განვითარებით იყო განპირობებული. ბიზანტიის იმპერიისაგან პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქვეყანას ეკლესიური დამოუკიდებლობაც სჭირდებოდა, რაც მისი ეკლესიის საჭეთმპყრობელისათვის პატრიარქის ტიტულის მინიჭებაში უნდა გამოხატულიყო. ამისათვის ყველა წინაპირობა არსებობდა - 40-ზე მეტი საეპისკოპოსი კათედრა და მონასტერი, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები და V საუკუნიდან წმინდა მირონის ხარშვის უფლება.
ასეთ ვითარებაში, დავით კურაპალატის დროს, მისი დროის საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ქართლის კათალიკოს იოვანეს მიენიჭა პატრიარქის ტიტული და იგია ამ ტიტულის პირველი მატარებელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ამას დოკუმენტურად ადასტურებს პარხლის ეკლესიის შესანიშნავი წარწერა XX საუკუნის ბოლო ოცწლეულისა.
არ არის გამორიცხული, რომ 980 წელს ქართლის კათალიკოსად ნაკურთხმა იოვანემ იმთავითვე მიიღო პატრიარქის ტიტული, რასაც იმ დროისათვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა... 1260 წლის ახლო დროის საბუთით დამოწმებულია, მაგრამ, როგორც ჩანს ადრინდელი ტრადიციის ამსახველია კათალიკოს ნიკოლოზ III-ის (1250-1282) ხელრთვაში წარმოდგენილი რეალობა, როდესაც იგი წერს: "ქრისტეს მიერ შემდგომად ხუთთა პატრიარქთა და უპირველეს მათსა ზეგარდამო მოსულთა უბიწოთა დედისა მისისა ხელითა შეთელილისა კუართისა საუფლოსა მიერ სუეტის-ცხოველის მეექუსე პატრიარქი და ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოს კათოლიკოზი ნიკოლოზ ვამტკიცებ და წავწერ". მაშასადამე, დოკუმენტურად მტკიცდება, რომ უკვე XII ს-ში და, ალბათ, ამაზე ადრეც, თუმცა წყაროები არ შემონახულა, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსოფლიოს ხუთი პატრიარქის შემდეგ VI ადგილზე აყენებდა პატრიარქის ტიტულით თავის თავს, მაგრამ ამისთვის მას რთული გზა უნდა გაევლო, რომელიც სათავეს X საუკუნეში იღებდა.
წმიდა იოვანე კათალიკოსი, "რომელი ყოვლითურთ იქნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვინმეს უნდენ ცნობად მიიღედ ხელად მისთვის აღწერილი წიგნი". საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა.
კათალიკოს-პატრიარქ იოვანე IV-ის შემდეგ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელად აირჩიეს სვიმეონ III (1001-1010), რომელმაც აკურთხა ქუთაისის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარი (ბაგრატის ტაძარი). სვიმეონის ტიტულის შესახებ წერილობითი წყაროები არ შემონახულა. სვიმეონ III-ის შემდგომი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები - მელქისედეკ I და ყველა დანარჩენი კათოლიკოს-პატრიარქად იწოდება.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მეორე იოვანე ოქროპირი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც 1033-1049 წლებში ეპყრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი. იგი იყო აღზრდილი და მემკვიდრე წმიდა მელქისედეკ კათალიკოსისა (ხს. 1 ოქტომბერს), რომლის ცხოვრებაც ასევე წმიდა იყო, როგორც მისი წინამორბედი და მოსახელე წმიდა იოვანე IV კათალიკოსისა.