ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (წერეთელი)
მოიხსენიება 5 მარტს (ახალი სტილით: 18 მარტს)
ღირსი დოსითეოს ქუთათელი, ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი XVIII ს-ის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერეში. იგი იმერეთის სამეფო კარზე ცნობილი თავადური გვარის წარმომავალი გახლდათ, მათი საგვარეულო რეზედენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა II წერეთელი XVIII ს. 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი სოლომონ I-ის (1752-1584) მეაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოსს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.იმ დროს არსებული ტრადიციის მიხედვით ქართველი თავადიშვილები ერთდროულად ღებულობდნენ საერო და სასულიერო განათლებას. ყველა ოჯახს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მონასტრებთან და იქ მოღვაწე მამების მეშვეობით იზრდებოდნენ ბავშვები ჭეშმარიტ ქრისტიანებად. წმიდა დოსითეოსმა მონაზვნობა აირჩია, მონასტერში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოსი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფეო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინვა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომლად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.
წმიდა დოსითეოსი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსო და საეპარქიო მეურნეობების საქმიანობას, ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს პოლიტიკური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსითეოსს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. წმიდა დოსითეოს ქუთათელისა და წმიდა ეფთვიმე გაენათელის (ხს. 21 აპრილს) მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ერეკლე II-ს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
1795 წლიდან დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯანი წმიდა დასითეოსისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: "დოსითეოსს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...", არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ "ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ". მაგრამ დოსითეოსი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს, მხოლოს საკათალიკოზოს გამგებლად იხსენიებს. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ ყოველგვარი საეკლესიო და საერო კანონების დარღვევით გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს (გარდაიცვალა 1827 წელს. ნოვგოროდში).
რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი.
1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღელვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოს ქუთათელი და ევფთიმე გაენათელი (ხს. 21 აპრილს). ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.
ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ-ერთ ღვთისმოყვარე დედაკაცს მათთვის წყალი მოუწოდებია დასალევად, წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოვცენია ცემისგან და სისხლი უღებია პირიდან. 71 წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოსი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით. 2005 წლის 27 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ეკლესიისა და ქვეყნისთვის ნატანჯი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი წმიდათა დასში იქნა შერაცხილი ღირსი დოსითეოს ქუთათელის სახელით.