ღირსი მოსე შავი
მოიხსენიება 28 აგვისტოს (ახალი სტილით: 10 სექტემბერს)
ღირსი მოსე შავი IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. მოსე შავი თავის ამალათან ერთად მრავალ ბოროტებას სჩადიოდა: იგი დაუნდობლად ძარცვავდა და ხოცავდა ხალხს, მისი სახელის ხსენებაც კი ყველას შიშის ზარსა სცემდა. მომავალმა წმიდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ასეთ უსჯულოებაში, მაგრამ შემდგომ, ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებით, სინანულში ჩავარდა, დატოვა ავაზაკთა ბანდა და უდაბნოს ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა. იგი დიდხანს ტირილით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში. ბერებს არ სჯეროდათ მისი სინანულის გულწრფელობისა, მაგრამ ყოფილი ბოროტმოქმედი მანამ იხვეწებოდა, ხელი არ მკრათო, სანამ სათხოვარი არ შეუსრულეს. მონასტერში ღირსი მამა იღუმენისა და საძმოს სრულ მორჩილებაში იმყოფებოდა, დასტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე განმარტოებულ სენაკში დაეყუდა და ლოცვასა და უმკაცრეს მარხვაში ატარებდა დღეებს.[]ერთხელ წმიდანის სენაკს მისი ყოფილი რაზმის ოთხი ყაჩაღი დაესხა თავს. ნეტარმა მამამ, რომელსაც უწინდელი ფიზიკური ძალა არ დაჰკარგვოდა, შებოჭა ოთხივე, მონასტერში მიიყვანა და ბერებს ჰკითხა, როგორ მოქცეოდა მათ. ძმებმა უბრძანეს, გაეთავისუფლებინა ტყვეები. ავაზაკებმა როცა შეიტყვეს, რომ თავიანთ ყოფილ წინამძღვართან მოხვდნენ, თავადაც ბერებად აღიკვეცნენ. მოსე შავის სინანულის შესახებ რომ ესმათ, დანარჩენმა ყაჩაღებმაც მიჰბაძეს მას, ხელი აიღეს უსჯულო ცხოვრებაზე და მოშურნე ბერები გახდნენ.
ღირსი მოსე ერთბაშად არ განწმენდილა ვნებათაგან. იგი ხშირად მიდიოდა მონასტრის იღუმენთან, ამბა ისიდორესთან და ეკითხებოდა, როგორ გათავისუფლებულიყო ავხორცი გულისთქმებისაგან. სულიერ ბრძოლაში გამოცდილი ბერი ასწავლიდა, არასდროს დანაყრებულიყო საზრდელით, მუდამ ნახევრად მშიერი ყოფილიყო და უმკაცრესი თავშეკავებით ეცხოვრა. ბილწი დემონი არ ცხრებოდა - სიზმრისეული ოცნებებით აღაგზნებდა ნეტარ მამას, მაშინ ამბა ისიდორემ ურჩია მას, მღვიძარების ღვაწლი ეტვირთა. წმიდა მოსეც დაჰყვა წინამძღვრის კურთხევას და მთელ ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა. დაუსრულებელმა ბრძოლამ ერთხანს მოწყინებაში ჩააგდო ნეტარი, მაგრამ ბერმა ისიდორემ განამტკიცა მოწაფე: თავისი სენაკის ბანზე აიყვანა და დასავლეთით, ცის კაბადონზე საბრძოლველად განმზადებულ დემონთა მრავალრიცხოვანი მხედრობა აჩვენა. აღმოსავლეთით ანგელოზთა კიდევ უფრო დიდი დასი ჩანდა. ისინიც ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.
ღირსმა მოსემ ახალი ღვაწლი იტვირთა: ღამღამობით მეუდაბნოეთა სენაკებს შემოივლიდა ხოლმე და ბერებს ჭიდან წყალს უზიდავდა. განსაკუთრებით ზრუნავდა მოხუცებზე, რომელთაც შორ მანძილზე სიარული და წყლის ტარება არ შეეძლოთ. []ერთხელ ჭის თავზე დახრილმა მოსემ ანაზდად ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო, მკვდარივით დაეცა ჯურღმულთან და ასე ეგდო გათენებამდე. დილით კი ძმებმა სენაკში გადაიყვანეს. მთელი წლის განმავლობაში ნეტარი განრღვეულივით უძლური იყო და ძალზე იტანჯებოდა. გამომჯობინების შემდეგ მან იღუმენს განუცხადა, რომ კვლავაც განაგრძობდა ბრძოლას. ამბა ისიდორემ აკურთხა იგი და უბრძანა, წმიდა საიდუმლოს ზიარებოდა და სენაკს დაბრუნებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, მას ბოროტ სულებზე დიდი ხელმწიფება მიემადლა.
[]ხმა ღირსი მამის ღვაწლის შესახებ შორს გავარდა. მაშინ ქვეყნის მმართველმა მისი ნახვა ისურვა. ეს რომ შეიტყო, მოსემ გადაწყვიტა, დამალვოდა სტუმრებს და სენაკი დატოვა. გზაში იგი შეხვდა მმართველის მსახურებს, რომლებმაც მოსე შავის სენაკი იკითხეს. "არ ღირს მისვლა ამ ცრუ და უღირს ბერთან", - უპასუხა ნეტარმა. მსახურები დაბრუნდნენ მონასტერში, სადაც მმართველი ელოდათ და მოსაგრის სიტყვები გადასცეს; ძმები კი ბერის გარეგნობის აღწერამ დაარწმუნა, რომ ეს ბერი თავად მოსე იყო.
უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: "ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა". წმიდანმა მიუგო: "მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?" თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. []ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა. მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: "განვედ აქედან, ჰოი, შავო!" ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: "ასეც გხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?" ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: "თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!" მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.
[]როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: "მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ" (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა დაახლოებით 400 წელს.