ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა.
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერისა, რომ დაცინვა არ დაიმსახურონ. მაგრამ რა არის დაცინვა? თითოეულმა ამ შემთხვევაში ასე უნდა განსაჯოს: "როდესაც დაიწყება მთელი სამყაროსთვის საშინელი სამსჯავრო, ისინი ვერ მიშველიან, რომელთა შიშითაც სათნოების საქმეებისგან თავს ვიკავებდი". ამიტომ უმჯობესია ამ ცრუ სირცხვილის გრძნობაზე ამაღლება, უმჯობესია, ადამიანთა განკითხვის შიშის გადალახვა, რათა კადნიერება მოიპოვო მრისხანე მსაჯულის ტახტის წინაშე.
ერთად შეერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმ. სამებას ნიშნავს, ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღმრთეებრივსა და კავობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე – გულის განსაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს.
გსურს, პირჯვარი გადაიწერო, მაგალითად, მატარებლის დაძვრამდე, მაგიდასთან სადილად დაჯდომამდე, მაგრამ გეშინია დაცინვის და თვითონვე ხსნი მაცხოვრის სიტყვებით: ვისაც ჩემი შერცხვება მას მეც ვარცხვენ. გარდა ამისა, განა არ იცი, რომ ორი ბატონის სამსახური არ შეიძლება - წუთისოფლისა და ღვთისა. მეტიც, ვისაც სურს, იყოს წუთისოფლის მეგობარი, ის უფლის მტერია. სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება მიწიერი წესები, რომლებიც შეუთანხმებელია რელიგიურთან. ამაში არ უნდა მივბაძოთ წუთისოფელს (წმ. მაკარი ოპტინელი).
პირჯვრის გამოსახვა იგივეა, რაც ლოცვა... პროლოგში არის მოთხრობილი ერთი ებრაელის შესახებ: იგი იმ მღვიმეში შევიდა, სადაც ეშმაკები ბუდობდნენ და მათგან შეშინებულმა უნებლიედ პირჯვარი გამოისახა. ეშმაკები მაშინვე მოშორდნენ იქაურობას, თან ამბობდნენ: „აქ არის დაბეჭდილი ჭურჭელი და ჩვენ არ ძალგვიძს მღვიმეში ყოფნა“–ო. ებრაელი, როგორც არაქრისტიანი, ცარიელი ჭურჭელია, მაგრამ პირჯვრის გამოსახვამ თავისი ძალა იქონია და ეშმაკები იქაურობას გაეცალნენ.
თუ საკუთარი თავის მიმართ ვფხიზლობთ, მაშინ, დღისით იქნება ეს თუ ღამით, ჩვენი მფარველობისა და ცხონებისათვის ერთი პირჯვრის გამოსახვა საკმარისია. და, თუ პირველი ბეჭედის სიმრთელეში დარწმუნებულები ვართ, მაშინ მეორე საჭირო არაა, რამეთუ მეორის ძებნა პირველის არარსებობას ნიშნავს. ასეთი რამ საერო საქმეებშიც გვხვდება: თუ განძი დაბეჭდილია და პირველი ბეჭედი მრთელია, მაშინ მეორე ბეჭედი საჭირო აღარაა. მაგრამ ამას ეშმაკები გვაიძულებენ, რათა მოწყინებასა და სულმოკლეობაში ჩაგვაგდონ, რომ საერთოდ, თუნდაც ერთხელ მაინც ვერ შევძლოთ ფხიზლად და წმინდად რაიმეს გაკეთება. და სწორედ ამიტომ, სჯობს მცირედი ღვთის შიშით გავაკეთოთ, ვიდრე ბევრი მტრისეული შფოთით, რამეთუ ნათქვამია: „ჰსჯობს მცირედი მართლისაი“ (ფსალმ. 36, 16). ამას კი იმ შემთხვევისათვის ვამბობ, როდესაც სიფხიზლის მიუხედავად აზრები არ გვასვენებენ და რაიმეს გაკეთებას უდროოდ გვაიძულებენ. რამეთუ, თუ პირჯვრის გამოსახვის აზრი ხალისით მოდის და არა შიშით ან რაიმე შფოთით, მაშინ ის, შეძლებისდაგვარად და ღვთის შიშით უნდა შევასრულოთ. და რასაც თავისუფლად ვაკეთებთ, ის უფრო სათნოა ღვთისათვის.
გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილის და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები.