image

თემა: გარეგნული სიმშვიდე

თუკი შეიგრძნობ სულთან და სხეულთან გონების შერწყმას, შენ უკვე აღარა ხარ ცოდვებისაგან მიმოდაბნეული, არამედ - ერთიანი და მთლიანი. თუ ქრისტესმიერი წმიდა სიმშვიდე დაეყუდა შენში, მაშინ ღვთის ამ საჩუქარს გულმოდგინებით გაუფრთხილდი. დაე, შენი მთავარი საქმე იყოს ლოცვა და წმიდა წიგნების კითხვა! სხვა საქმეები მეორეხარისხოვნად ჩათვალე, მიწიერი საქმეების მიმართ კი გულგრილი იყავი და თუ შეგიძლია, ერიდე. წმიდა სიმშვიდე და სულიწმიდის სუფევა უფაქიზესი რამაა. ის მაშინვე მიატოვებს სულს, თუკი სული ხენეშად იქცევა, თული მისდამი კეთილკრძალულებას არ გამოიჩენს ან ცოდვისაკენ მიდრეკით უღალატებს და მიეცემა უდიერებას. ქრისტეს სიმშვიდესთან ერთად, უღირს სულს მადლმოსილი ლოცვაც განუდგება, ვნებები სულში დამშეული მხეცებივით შეიჭრებიან და მსხვერპლს დაგლეჯენ, რომელმაც თავად განაყენა თავი ღვთისაგან. შენ თუ ნაყროვანებას მიეცემი, განსაკუთრებით კი თრობას, წმიდა სიმშვიდე შეწყვეტს შენში მოქმედებას. თუ განრისხდები ძალიან დიდი ხნით შეწყდება შენში მისი მოქმედება. თავს თუ კადნიერების უფლებას მისცემ, ის შეწყვეტს მოქმედებას. თუ მიწიერს შეიყვარებ, განიმსჭვალები რაიმე ნივთისადმი ლტოლვით ან რაიმე ხელსაქმისადმი, ან ადამიანისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, წმიდა სიმშვიდე აუცილებლად მიგატოვებს. და თუ მრუშული აზრებით დატკბები, ის ხანგრძილი, ძალიან ხანგრძლივი დროით მიგატოვებს, რადგან ვერ ეგუება ვერანაირ ცოდვისმიერ სიმყრალეს, განსაკუთრებით კი მრუშულსა და პატივმოყვარულს. ძებნას დაუწყებ მას, მაგრამ ვეღარ მიაგნებ. ატირდები, რომ დაკარგე, მაგრამ ცრემლისღვრა უკვალოდ ჩაგივლის. იმისათვის, რომ ისწავლო, თუ როგორ ღირსჰყო ღვთის საჩუქარი და როგორ გაუფრთხილდე მას რუდუნებითა და კრძალვით მოიძაგე ყველაფერი, რაც გართობისაკენ გიბიძგებს და ცოდვის მორევში გაგდებს. ჯვარს ეცვი სახარებისეული მცნებების ჯვარზე; მუდმივად დაატანე საკუთარ თავს ძალა, მასზე იყო მიმსჭვალული. მხნედ და ფხიზლად უკუაგდე ყველანაირი ცოდვისმიერი გულისთქმა და სურვილი; მოკვეთე საზრუნავი; ჰქმენ ისე, რომ შენში სახარება გაცოცხლდეს და იყავი მოშურნე მისი მცნებების აღსრულებისადმი. ლოცვის დროსაც ასევე ჯვარს ეცვი, ოღონდ ახლა უკვე ლოცვის ჯვარზე. განიშორე მოგონებები, ლოცვის ჟამს რომ მოგეახლა. არ იღვთისმეტყველო, არ გაერთო ბრწყინვალე აზრების გაჩხრეკით და არ მოიხიბლო მათი სიახლით ან მიმზიდველობით, რათა უცაბედად შენში არ შემოიჭრნენ; ლოცვის დროს გონება წმიდა მდუმარებით მოიცავი და განიცადე ღვთის სიდიადე, ასეთი მდუმარება მას ყოველგვარ სიტყვაზე უფრო ძლიერად და და ამაღლებულად განგაცდევინებს. "თუ შენი ლოცვა სწორად აღესრულება, - თქვა მამებმა - მაშინ ხარ შენ ღვთისმეტყველი".
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები