ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ერთობა
ერთობა და სიყვარული კაცთა შორის არის უძვირფასესი თვისება წინაშე თვალთა ღვთისათა. სადაც არ არის ერთობა და სიყვარული, მუნ არ არის მადლი ღვთისა, მუნ ეკლესია აღარ არის. რა არს ეკლესია? იგი არს შეკრება კაცთა ერთმორწმუნეთა, ესე იგი, ისრეთთა კაცთა, რომელთა აქვსთ ერთი ჰაზრი საღმრთოთა საგანთა ზედა. წმიდა მოციქული პავლე მისწერს ფილიპელთა: „აღავსეთ სიხარული ჩემი, რათა მასვე ზრახვიდეთ და იგივე სიყვარული გაქვნდეს, ერთსულ და ერთზრახვა იყვენით“; ხოლო ეფესელთა იგივე წმიდა მოციქული ამცნებს: „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისათა“.