ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ქრისტიანობა
ვიცით, რომელ აწმყოს ჩვენს დროებაში, არიან მრავალნი სახელმწიფონი; რომელნიმე მათგანნი აღიარებენ სჯულსა ქრისტესსა, გარნა სხვანი არიან ძველითგანვე ურწმუნონი, კერპთმსახურნი, ანუ მაჰმადიანნი. რომელთა სახელმწიფოთა შინა არის ახლა უმეტესი განათლება, წარმატება, კეთილდღეობა და ბედნიერება? ყოველი დიდება და აღმატება არის ახლა ხელთა შინა ქრისტიანეთასა; ხოლო ურწმუნოთა სამფლობელონი არიან დაცემულნი და დაბნელებულნი. ვინც ღრმად განიზრახავს, თუ რაი არს მიზეზი ბედნირებისა პირველთა და უბედურებისა მეორეთა, იგი სცნობს, რომელ პირველნი გაბედნიერდნენ მისთვის, რომ დააფუძნეს მოქალაქობა თვისი და განათლება სასუფეველსა ზედა ღვთისასა და სიმართლესა მისსა, ხოლო სხვათა არ მიიღეს სიმართლე ესე.