ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: სიმართლე
„ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ“. რას ნიშნავს შიმშილი და წყურვილი სიმართლისათვის? ღმერთმა შექმნა მართალი, უცოდველი, წმინდა ადამიანი. მისი სულიერი საზრდო იყო სიმართლე, სიმართლის მარადიული წყარო კი – უფალი ღმერთი. ღმერთთან ერთობისას ადამიანმა არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა შიმშილი და წყურვილი სიმართლისა, რადგანაც უხვად ჰქონდა ეს საზრდო. მისი ნაკლებობა კაცმა მაშინ იგრძნო, როდესაც ცოდვის გამო დაკარგა სიმართლე და მოსწყდა მის წყაროს – ღმერთს, რომელშიც ჰპოვებდა მარადიულ დაპურებას. სულმა, რომელმაც ცოდვის გამო დაკარგა მისთვის ჩვეული მდგომარეობა – სიმართლე, საზრდომოკლებულმა იგრძნო დანაკარგი და დაეუფლა შიმშილი, წყურვილი, მწუხარება, იწროობა. ვინ არის ჩვენს შორის მართალი და ვინ არ განიცდის სულიერ შიმშილს? მართალია შიმშილს განვიცდით, მაგრამ დანაყრებას არა ვჩქარობთ, რადგან ეს გრძნობა ისევე დაგვეკარგა, როგორც ხორციელი შიმშილის შეგრძნება სნეულებს. ჩვენ მძიმედ ვართ დასნეულებული ცოდვებით, დაბრმავებული ცრუ სიბრძნით, განუწყვეტელი ტკბობისმოყვარეობით, თავაშვებულობითა და ანგარებიანი ცხოვრებით; მუდმივად ვძალადობდით და საბოლოოდ, სავსებით ჩავახშეთ ჩვენში სინდისი. ასეთი უგრძნობელი მდგომარეობა სულისა არის ცოდვისმიერი სიკვდილი ადამიანისა, რომელიც დროებითიდან შეიძლება მარადიულში გადავიდეს.