
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოთმინება, მრისხანება
486. ოდესღაც იმ საცხოვრებელში, სადაც წმიდა ბერები იყვნენ, ერთი ბერი ცხოვრობდა. როცა მას მომსახურე ძმა ეკითხებოდა, თუ რა მოემზადებინა ტრაპეზისთვის, ის რისხვით პასუხობდა: „რაც გინდა ის მოამზადე“. ძმა კი წუხდა ამაზე და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სხვებმა დიდ ბერს ჰკითხეს: კარგად იქცევა თუ არა ის მამა, რომელიც ასე პასუხობს?
მე სხვას ვერ განვიკითხავ, რამეთუ ნათქვამია: „კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ (გალ. 6, 5); შესაძლოა ბერი ასე იმიტომ იქცევა, რომ ძმა მოთმინებაში გაწვრთნას, მაგრამ როგორც მე მეჩვენება, მსგავსი პასუხი ძმას ამწუხრებს, ამიტომ მან სიმდაბლით უნდა უთხრას: ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მე ახლა ასეთი საკვები მჭირდება. ბერი მაშინაც მადლიერი უნდა იყოს, თუ ძმა ცუდად მოუმზადებს ტრაპეზს, რამეთუ ის, თუმცა კი ცუდად, მაგრამ ემსახურება მას. ხოლო, თუ ძმა კარგად ან ცუდად ასრულებს თავის საქმეს, ბერი კი მაინც ურისხდება მას, ეს ყველა ვნებაზე უარესია; ასეთი ადამიანი უგუნურად მრისხანებს და ეს ღვთისნიერი განსჯა არაა, არამედ უფრო ეშმაკისეული ქმედებაა. მაგრამ მომსახურე ძმამ უნდა მოითმინოს ეს, იმიტომ რომ, ვინც თავის ძმას ღვთის შიშით თანაუგრძნობს, მასზე ღვთის სული განისვენებს.