წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

485. ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: შემინდე მამავ და ჩემო მეუფეო, რომ ლაპარაკს ვბედავ. მეჩვენება, რომ

485. ძმამ იმავე დიდ ბერს ჰკითხა: შემინდე მამავ და ჩემო მეუფეო, რომ ლაპარაკს ვბედავ. მეჩვენება, რომ ბატონ აბბას ზოგი ძმა სხვაზე მეტად უყვარს, და აზრი არ მასვენებს და ჩამაგონებს, რომ ის კაცთმოთნეა, რამეთუ სხვებმა, რაც უნდა სთხოვონ, აძლევს, მე კი უარს მეუბნება. ერთხელ ფანჯრის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ თხოვნა არ შემისრულა. მეორედ ცოტა კირი ვთხოვე და კვლავ უარი მითხრა, სხვებს კი აძლევს. რატომ იქცევა ასე და რა ვუპასუხო ამ აზრს?

ძმაო! მოთმინებაა საჭირო, რამეთუ უფალი ამბობს: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკა. 21, 19), და მოციქულიც გვეუბნება: „მოთმინებაი გიხმს თქუენ“ (ებრ. 10, 36) და სხვა. თუკი ღმერთმა შენი გამოცდა მოისურვა, შეძლებ თუ არა რაიმეს მოთმენას, ნუთუ შენ არ გამოიჩენ მას? რამდენი წელია რაც თქვენ იმ სენაკების მკვიდრნი ხართ, რომლებიც ასე გამოიყურებიან და თქვენ აქამდე არაფერი გითქვამთ; მაგრამ როცა დაინახეთ, რომ სხვები რაღაცას აკეთებენ, მაშინვე შურით ცეცხლივით ენთებით. რატომ არ უთხარი შენს აზრს: „ამდენი ხანი ვიცხოვრე და ნუთუ ვერ მოვითმენ დარჩენილ მცირედ დღეებს?“. ხოლო როდესაც აზრი გეტყვის: „სხვებს რატომ გაუკეთა აბბამ?“, მაშინ უპასუხე მას: „იმიტომ, რომ ისინი წმიდები არიან, მე კი უღირსი ვარ და, უფრო მეტიც, ყველანაირი შეურაცხყოფის ღირსიც“. შენ თუ აბბა კაცთმოთნედ მიგაჩნია, ხოლო ის სინამდვილეში ასეთი არაა, მაშინ შენ სულს ღუპავ; და თუ ის სინამდვილეში კაცთმოთნეა, მაშინ პასუხის გაცემა მისთვის შენ არ მოგიწევს, არამედ მან უნდა გასცეს პასუხი შენთვის. ვისაც რაღაცის მიღება სურს და ვერ ღებულობს მას, მან უნდა გამოიკვლიოს დრო, პირობები და მოუცლელობა, და მაშინ გაიგებს, რატომ არ სრულდება მისი სურვილისამებრ; ხოლო თუ ამაში ვერ გაერკვევა, საკუთარი თავი გაკიცხოს და არა სხვა, და თქვას: „მე უღირსი ვარ“. ასევე შენ, ჩემო ძმაო, შეგიძლია ამ აზრისაგან გათავისუფლება. ასეთია იმათი გზა, ვისაც ცხონება და ღვთისნიერი ცხოვრება სურს.
 
თემატური კითხვები
6