ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: ეშმაკი
9. ეშმაკთა სიძულვილი დიდად შეგვეწევა ცხონების საქმეში და დიდად გვარგებს სათნოებათა აღსასრულებლად. სწორედ ეს სიძულვილი უნდა გამოვზარდოთ ჩვენში როგორც რამ კეთილი ნაყოფი, მაგრამ ვერ ვახერხებთ კი, რადგან გემოთმოყვარეობის სულები გვიქარწყლებენ მას, რომლებიც კვლავ მათთან მეგობრობისა და სიახლოვისკენ აქეზებენ ჩვენს სულს, თუმცა ამგვარ მეგობრობას, უფრო კი ძნელად საკურნებელ განგრენას, ჩვენი მიტოვების გზით ჰკურნებს სულთა მკურნალი, რადგან უშვებს იგი, რომ დღე და ღამე განვიცდიდეთ რაღაც საშინელებას ეშმაკთაგან, რითაც სული კვლავ თავდაპირველ მძულვარებამდე აღიწევა, ისწავლის რა, რომ დავითისებრ ესიტყვოს უფალს: "სრული სიძულვილით შევიძულე ისინი და მტრად გამიხდნენ მე" (ფს. 138.22). მართლაც, სრული სიძულვილით იმას სძულს მტრები – ეშმაკები, ვინც არც მოქმედებით, არც გონებით არ სცოდავს, ეს კი ნიშანია უდიდესი და პირველადი (ე.ი. ადამისეული, მის ცოდვით დაცემამდე) უვნებობისა.