ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: განსაცდელები, დემონი, ეშმაკი, სიკეთე, ხიბლი
402. შეუძლიათ თუ არა დემონებს, ვინმეს რაიმე კეთილი აუწყონ? რით მჟღავნდება, რომ ეს სიკეთე დემონისგანაა და რით განსხვავდება ის საღმრთო სიკეთისაგან?
ზოგიერთს ეჩვენება, რომ სიკეთეს იხვეჭს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტისაგან იხიბლება. ეშმაკისაგან მომდინარე, ყველანაირი სიკეთე ადამიანს ხიბლავს და თუ ზუსტად გამოვიკვლევთ, მოჩვენებითი აღმოჩნდება, რამეთუ ეშმაკი ცრუა და მასში არაა ჭეშმარიტება (იოანე 8, 44); და ამას (ამ მოჩვენებით სიკეთეს), შედეგი ადასტურებს. მოციქულის სიტყვის თანახმად, მისი სინათლე სიბნელით მთავრდება, რომელიც ეშმაკის მაცნეებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი სიმართლის მსახურთა სახეებს ღებულობენ: „რომელთაი აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ“ (2 კორ. 11, 15); და მაცხოვარიც ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). თუ გონივრულად და განსჯის მოხმობით გამოიკვლევ, ნახავ, რომ ეშმაკისაგან მომდინარე მოჩვენებით სიკეთეს, სიკეთის არანაირი კვალი არ ატყვია, და მასში ან პატივმოყვარეობა, ან შფოთი, ან რაიმე მისი მსგავსია; ღვთის სიკეთე კი ყოველთვის სინათლეს და გულის სიმდაბლეს გვანიჭებს და ადამიანს ამშვიდებს. ხოლო, როდესაც უმეცრებით, ეშმაკის ხიბლი რაღაცით დაგვაზიანებს და ამის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს განსაცდელია, მაშინ საკუთარ თვს უნდა მოვუწოდოთ და ღმერთს შევუერთდეთ, რათა მან აგვარიდოს ეს განსაცდელი. და უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ასეთ განსხვავებას დასაწყისშივე ამჩნევს; ცოდვილები კი ამას განსაცდელის დამთავრებისას ხვდებიან, მსგავსად იმისა, როგორც დახელოვნებული ოქრომჭედელი, ოქროს ხელში აღებისთანავე, ანუ ცეცხლში გამოცდამდე ხვდება როგორია იგი, გამოუცდელი კი ამას მანამ ვერ გაიგებს, სანამ ღუმელში არ გამოსცდის.