ავტორი:
წმ. კასიანე რომაელი
თემა: მოწყინება
ჩვენი მეექვსე შერკინება მოწყინების სულის წინააღმდეგაა, რომელიც თანაშეუღლებულია მწუხარების სულთან და თანამოქმედებს მასთან ერთად. ესაა საშინელი და ულმობელი ეშმაკი, მონაზვნებს რომ გამუდმებით ებრძვის. იგი მეექვსე ჟამზე (დაახ. 12 საათი, შუადღე) დაეცემა მონაზონს, შთაუნერგავს მას სისუსტესა და ძრწოლას, შეაძულებს საკუთრივ იმ ადგილსაც და იქ თანამცხოვრებ ძმებსაც, აგრეთვე, ყოველგვარ საქმეს და თვით საღვთო წერილთა კითხვასაც, თანაც შთაუგდებს (ჩააგონებს) ადგილის გამოცვლის გულისზრახვას, ისე თითქოს სხვა ადგლებში გადასვლის გარეშე ფუჭად დაიკარგებოდა მისთვის მთელი შრომა და დრო. ამ ყოველივეს გარდა, შიმშილსაც შთაუდებს მას მეექვსე ჟამზე იმგვარს, როგორიც სამდღიანი მარხვის, უშორესი გზისა თუ უმძიმესი შრომის შემდეგაც რომ არ განუცდია. ამის მომდევნოდ, იმ გულისზრახვებსაც ჩააგონებს, თითქოსდა ვერანაირი სხვა საშუალებით ვერ დააღწევდეს თავს ამ სნეულებასა და დამძიმებულობას, თუ არა ხშირი გასვლებითა და სხვა ძმებთან მისვლით, ვითომცდა უძლურებაში მყოფთა შეწევნისა და მათი მონახულების მიზეზით, თუმცა როდესაც ამ გზით ვერ შეძლებს მის შეცდენას, მაშინ უღრმესი ძილით დანთქავს მას, რითაც მასზე უმძლავრესი და უღონიერესი ხდება, ამხობს რა არათუ სხვა რამ ხერხით, არამედ უმოქმედობით ლოცვასა და მარხვაში, ისევე როგორც – საღვთო სიტყვათა დასწავლასა და განსაცდელთა დათმენაში, რადგან თუ ვერ ჰპოვებს იგი ამ ადამიანს ხსენებულ საჭურველთა მიერ შემტკიცებულს, სტყორცნის რა თავის ისრებს, გამოაჩინებს მას როგორც დაუდგრომელს, მოხეტიალედ, მცონარედ და უსაქმურად აქცევს მას, ამასთან მიმართავს იქითკენ, რომ მრავალი მონასტერი მოვლოს მან და მხოლოდ იმის დაკვირვებაში იყოს და იმაზე წუხდეს, თუ სად იმართება სადილები და ნადიმები. მართლაც, სხვა არაფერი ეზმანება მოწყინებაში მყოფის გონებას, თუ არა ამათგან ქმნილი განლაღებანი. აი, ამგვარად კრავს მას ეშმაკი სოფლის საქმეებით და თანდათან აცთუნებს მავნებელ მოუსვენრობათა მიერ, იმ ზომამდე, რომ სამონაზვნო აღთქმისგანაც სავსებით განაშორებს მას.
ამ უმძიმესი სენის მცოდნე საღვთო მოციქული, რომელსაც ბრძენი მკურნალის მსგავსად სურს, რომ ჩვენი სულებიდან ძირითურთ აღმოფხვრას იგი, უპირატესად მის წარმომშობ მიზეზებს ააშკარავებს და ასე ამბობს: „გამცნებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, განეკრძალოთ ყველა იმ ძმას, ვინც კი უწესოდ მიმოდის და არა თანახმად იმ გადმოცემისა,ჩემგან რომ მიგიღიათ, რადგან თქვენ იცით, თუ როგორ გმართებთ ჩვენდამი ბაძვა, ვინაიდან უწესოდ არ მოვქცეულვართ თქვენს შორის, არცთუ ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ, რომ არავის თქვენგანს დავაწვეთ ტვირთად, არათუ იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნიმუში მოგცეთ ჩვენს მისაბაძად, და რადგან თქვენთან ყოფნისას სწორედ ეს გამცნეთ თქვენ, რომ ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს. ვიგებთ, რომ მავანნი მიმოდიან თქვენს შორის უწესოდ, არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ, ვამცნებთ კი ამგვართ და შევაგონებთ ქრისტე იესოს მიერ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“ (II თეს. 3.12).
ვისმინოთ, თუ როგორ ნათლად წარმოგვიჩენს ჩვენ მოციქული მოწყინების მიზეზებს, რადგან იგი „უწესოებს“ უწოდებს იმათ, რომლებიც არ შრომობენ, და ამ ერთი სიტყვით მრავალ ბოროტებას ასაჩინოებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვინც „უწესოა“, იგი არის უკრძალველიც, დაუფიქრებლად მოლაპარაკეც, მგმობელობისთვის მზადყოფნაშიც, აქედან დაყუდებითი მოღვაწეობისადმი უუნაროც და მონაც მოწყინებისა. ამიტომაც გვამცნებს მოციქული, რომ განვერიდოთ ამგვარ ადამიანებს, ანუ გავემიჯნოთ მათ როგორც წყლულოვან სნეულებს, ხოლო სიტყვები: „არა თანახმად იმ გადმოცემისა, ჩვენგან რომ მიგიღიათ“, იმას ააშკარავებს, რომ ამპარტავანნი ყოფილან ისინი, მომძაგებელნი და სამოციქულო გადმოცემათა დამარღვეველნი. ასევე, როდესაც ამბობს: „არცა ვინმესგან უფასოდ გვიჭამია პური, არამედ დღედაღამ შრომითა და რუდუნებით ვსაქმობთ“, ამით აშკარა ხდება, რომ თუ იგი, ვინც იყო წარმართთა მოძღვარი, სახარების მქადაგებელი და მესამე ცამდე ამაღლებული, რომლის თქმითაც უფალს უბრძანებია სახარების მქადაგებელთათვის, რომ ვინც დღედაღამ შრომა–ჯაფით დამაშვრალობდა, რომ არავის დასწოლოდა ტვირთად, ასეთ დროს რაღა ვქნათ ჩვენ, რომლებიც მოწყინებაში ვართ საქმეთაგან და სხეულებრივ შვებას მიდევნებულნი, ჩვენ, რომლებსაც არც სახარების ქადაგება დაგვკისრებია, არცთუ ეკლესიათა გამო ზრუნვა, არამედ მხოლოდღა საკუთარ სულზე მეურვეობა?
შემდეგ, უფრო ცხადად ასაჩინოებს რა უსაქმობისგან აღმოცენებულ მავნებლობას, ასე დასძენს იგი: „არას საქმობენ, არამედ მიმომწვლილველობენ“, რადგან უსაქმობისგან გამომდინარეობს მიმომწვლილველობა, მიმომწვლილველობისგან – უწესოება, უწესოებისგან კი – ყველა უკეთურება. ამასთან, შეუმზადებს რა მათ კურნებასაც, ურთავს: „ვამცნებთ კი ამგვართ, რომ მყუდროებით იშრომონ და ასე ჭამონ თავიანთი პური“. იქვე უგამკიცხველესად ამბობს: „ვისაც არ ნებავს საქმის კეთება, ნუღარ ჭამს“.
ამ სამოციქულო განწესებით აღზრდილი ეგვიპტელი წმინდანები მონაზონთათვის იმას განაჩინებენ, რომ არასოდეს იყვნენ ისინი უსაქმოდ, განსაკუთრებით უფრო ახალგაზრდები. იციან მათ, რომ შრომითი მოთმინების გზით განდევნიან მოწყინებას, თავიანთ სარჩოს მოიპოვებენ და შეჭირვებულთ შემწეობას აღმოუჩენენ, რადგან არა მარტოოდენ საკუთარი საჭიროებისთვის დამაშვრალობენ ისინი, არამედ თავიანთი შრომით ყარიბებსაც, ღარიბ–ღატაკებსაც და პატიმრებსაც შეეწევიან, სწამთ რა, რომ ამგვარი ქველმოქმედება წმინდა მსხვერპლია, ღვთისთვის სათნო მამები კი იმას ამბობენ, რომ მშრომელი ერთ ეშმაკს ებრძვის ხშირად და მისგან არის შეჭირვებული, უსაქმური კი მრავალი უკეთური სულის მიერ ხდება დატყვევებული.
გარდა ამისა, კარგი იქნება გავიხსენოთ მამათა შორის უგამოცდილესი ამბა მოსეს სიტყვები, რაც მან მე მითხრა, რადგან ვიყავი რა მცირე დროით უდაბნოში დამკვიდრებული, შემაწუხა მოწყინებამ, რის გამოც მივედი მასთან და ვუთხარი, რომ რადგან წინა ღამით ასე ძლიერად შემაწუხა და დამაუძლურა მოწყინებამ, მანამ ვერ გავთავისუფლდი მისგან, სანამ არ წავედი და არ მივედი ამბა პავლესთან. სწორედ ამაზე მიპასუხა ამბა მოსემ და ეს მითხრა: „გამხნევდი, რადგან არათუ გაგითავისუფლებია შენი თავი მოწყინებისგან, არამედ უმალ მას მიცემულხარ და დამონებულხარ, იცოდე კი, რომ უფრო მძიმედ შეგებრძოლება იგი შენ, როგორც ბრძოლისგან გაქცეულს, თუ არ ეცდები ამის შემდეგ მის დამარცხებას მოთმინების, ლოცვისა და ხელსაქმის გზით“.