ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყინება
706. რას ნიშნავს მიმოწვლილველობა?
მიმოწვლილველობა ანუ მოწყინება ისაა, როცა კაცს მოეწყინება ანუ მოსძულდება თავისი თავი, ან რომელიმე კეთილი საქმე. ეს ცოდვაც ეშმაკის მანქანებისაგან მოდის. ზოგჯერ კაცს ლოცვაზე დგომა, მარხვის შენახვა ან გამუდმებული შრომა და მუშაობა მოსწყინდება. ზოგს საერთოდ თავისი სიცოცხლე მოსწყინდება და ამბობს: რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლეო და მწუხარებასა და დრტვინვას მიეცემა. მომწვლილველობა დიდი და მავნებელი ცოდვაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ქრისტიანი ყოველთვის მღვიძარე, ფრთხილი და სულგრძელი უნდა იყოს. ღმერთმა ადამიანს, რაც მისი ბედნიერებისათვის საჭიროა, ყოველივე მისცა. ამიტომ ვინც ღმრთისგან ბოძებულ ნიჭს კარგად მოიხმარს, ვინც გულმოდგინედ ირჯება და შრომობს, ის მოწყინებაში არ ჩავარდება. მოწყინებას მხოლოდ ზარმაცი, ცუდი ხასიათისა და ყოფაქცევის კაცი გრძნობს. ეს ცოდვა მას სხვა ცოდვებშიც ჩააგდებს, სახელდობრ, ვისაც გულში მოწყინება აქვს, ის ხშირად დრტვინავს ღმერთზე, რითაც დიდად სცოდავს.