ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღვთისადმი მადლიერება
401. როგორ შეძლებს ვინმე ღვთის ღირსეულ მადლიერებას?
როდესაც უმნიშვნელო ადამიანები, ვიღაცას ყველაფერს პატიობენ ან დიდი ჭირისაგან იხსნიან და ის მათი მადლიერია და ამ ქველმოქმედების შესახებ საქვეყნოდ აცხადებს, მაშინ მით უმეტეს ჩვენ, ყოველთვის ვსარგებლობთ რა ღვთის ქველმოქმედებით, როგორ შევძლებთ მისდამი მადლიერების გამოხატვას, რომელმაც ჯერ შეგვქმნა, შემდეგ მტრის წინააღმდეგ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, გულისხმიერი გონება, ხორციელი სიმრთელე, თვალების ნათელი და სიცოცხლის სუნთქვა მოგვანიჭა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცოდვების მისატევებლად და გულის განსამტკიცებლად სინანულის საშუალება მოგვცა და საკუთარი სისხლი და ხორცი გვიბოძა, „რამეთუ პური - (ამბობს წერილი) - გულსა კაცისასა განამტკიცებს“ (ფსალ. 103, 15). თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მიწიერ პურზეა ნათქვამი, მაშინ როგორღა ამბობს თავად სული: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა (რჯულ. 8, 3; მათე 4, 4)? თუკი ადამიანები მიწიერი და ხრწნადი ნივთებისთვის საზღაურს იხდიან და მადლიერნი არიან, მაშინ ჩვენ რით გადავუხადოთ ჩვენთვის ჯვარცმულს? თუ ეს გვსურს, მაშინ ჩვენ მისი გულისათვის თვით სიკვდილამდე უნდა დავითმინოთ ყველაფერი. ასე რომ, ნუ ირჯები, და ნუ გსურს ჩასწვდე იმას, ღირსეულად როგორ უნდა ჰმადლობდნენ ადამიანები ღმერთს, განსაკუთრებით კი ცოდვილები, რამეთუ ის მათთვის მოკვდა. თუ შენი გულისთვის ადამიანს ციხეში ჩასვამენ, განა შენს ძალებზე უფრო მეტად არ მოგინდება მისთვის მადლობის გადახდა? და მით უმეტეს, ვალდებული ხარ უმადლოდე შენთვის მომკვდარს. მაშ, იცოდე, ღირსეულად მის მადლიერებას ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ; მაგრამ შეძლებისდაგვარად ბაგეებით და გულით მაინც უნდა შევწიროთ მადლობა, და მას, თავის კაცთმოყვარებით, შეუძლია ეს სახარებისეული ქვრივის ორ ლეპტას შეადაროს. ამას ცოდვილებზე ვამბობ; რამეთუ მართლები, თავსაც რომ აჭრიდნენ და კლავდნენ, უფრო მეტად მადლიერნი არიან, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად: „ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5, 18) - ცხადია ღმერთს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.