image

თემა: ზიზღიანობა

წმიდაო მამაო, საიდან მოდის ზიზღიანობა?
რა გეზიზღება შენ?
ნებისმიერი რამ, რასაც ხელს დავადებ.
მაშ, იცოდე, ყოველთვის წააწყდები მაგ "ნებისმიერ რამეს": ჭიებს - ვაშლში, მატლებს - ლობიოში, თმის ბეწვს - პურში.
წმიდაო მამაო, აი, სწორედ ეგენი მხვდება ხოლმე!
დიდება შენდა, ღმერთო! ხედავ, როგორ გეხმარება ღმერთი ამ უძლურების დაძლევაში?!
წმიდაო მამაო, განა ყველაფერი მსგავსი გულისსიტყვებიდან არ მომდინარეობს? ვთქვათ, რომელიმე დას თეფშში თმის ბეწვი ჩაუვარდა, ის ამოიღებს მას და გადააგდებს და ყველაფერი ამით დასრულდება.
შენ რა, არავითარ შემთხვევაში არ შეგიძლია, რომ გადააგდო?! ეს თმა ხომ მას კურთხევის ნიშნად ერგო! ის ახლა მე გადმომცემს მას და ათონზე თან წავიღებ - როგორც კურთხევას! მახსოვს, სინაზე ყოფნისას ერთ ბერთან ერთად სადღაც მივდიოდი, გზაში ორი ატამი მივეცი. ვხედავ - არ ჭამს. თურმე უნდოდა, რომ ჯერ გაერეცხა ისინი, მაგრამ ჯიბეში ჩადების ეშინოდა, ვაითუ ჯიბეში რომ მიკრობები სხედან ისინიც ატმებზე გადავიდნენო. ასე ეჭირა ხელში მთელი გზა. მისი ძმა მიყვებოდა: - "რვა შვილი მყავს და ჩემი ცოლი მათი სარეცხის დარეცხვას ნაკლებ საპონს ანდომებს, ვიდრე ეგ ერთხელ ხელის დაბანას"! და რომ იცოდეთ, რა შეემთხვა მას?! იქ - სინაზე, თითოეული ბერისთვის გამოყოფილი იყო თითო ბედუინი - დასახმარებლად, მას საჭმელიც მიჰქონდა. ბედუინი, რომელიც ამ ზიზღიან ბერს მიუჩინეს, ყველაზე ჭუჭყიანი იყო. შავი, როგორც ბუხრის მწმენდავი! თვითონაც და მისი ტანსაცმელიც საშინლად ყარდა. ჭუჭყის მოშორებას თუ დაუპირებდი, ჯერ მთელი კვირით ვარცლში უნდა დაგელბო. ან - როგორი ხელები ჰქონდა! ჯობს, არც იკითხო. შალაშინი უნდა აგეღო და ჭუჭყი ნაჭრებად ჩამოგეჭრა. ეს ტურტლიანი დასტაცებდა ხოლმე ხელს ჯამს და გააქანებდა თავისი "უფროსის" - ბერისაკენ. ყველაზე ჭუჭყიანი ორი ცერი თითი კი აუცილებლად ფაფასა და წვნიანში ჰქონდა ჩაყოფილი. "მომშორდი, მომშორდი"! - უყვიროდა ბერი, როგორც კი მას კარის ზღურბლზე დაინახავდა. მან სინაზე ორი კვირაც ვერ გაძლო და ბოლოსდაბოლოს გაიქცა.
    
    ხოლო, თანაცხოვრებულთა მონასტერში, სადაც ადრე ვცხოვრობდი, იყო ერთი ბერი - ყოფილი პოლიციელ. იგი განათლებული იყო და ამიტომ ტაძარში მკითხველის მორჩილებას ასრულებდა, მან მონასტერში მრავალი წელი იცხოვრა, მაგრამ, მიუხედავად ამისა ირგვლივ ყველაფერი ეზიზღებოდა. კარის სახელურს არც კი ეხებოდა და კარს ფეხით აღებდა. ფეხით აღებდა ეკლესიის კარსაც კი. თუ ურდულის გაღება დაჭირდებოდა, თითის წვერებს მოჰკიდებდა ხოლმე და მერე ხელებს სპირტით იწმენდდა. როდესაც დაბერდა, ღვთის დაშვებით, ფეხებმა ლპობა დაუწყო და ზედ მატლი დაეხვა, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა ის ფეხი რომლითაც ტაძრის კარს აღებდა ხოლმე. როდესაც მორჩილებას მონასტრის საავადმყოფოში ვასრულებდი და ექთანს ვეხმარებოდი, სწორედ მაშინ მოვიდა იგი სახვევის შესაცვლელად. ექთანმა მისთვის სახვევის შეხსნა დამავალა, თვითონ კი დოლბანდისთვის წავიდა. რა ვნახე, როდესაც სახვევი შევხსენი! მთელი ფეხი მატლით ჰქონდა დაფარული! - "წადი, ზღვაში დაიბანე, მატლი მოიშორე და ისე მოდი, რომ სახვევი დაგადოთ". - ვუთხარი მას, მადამდე მივიდა იგი! - "მიხვდი მიზეზს"? - მკითხა ექთანმა, - "როგორ ვერ მივხვდი, - მივუგე მე - მიზეზი ისაა, რომ ტაძრის კარს ფეხით აღებს".
    
როგორ მამაო, ამ მდგომარეობაში მყოფიც კი აგრძელებდა ამ საქციელს?
დიახ, აგრძელებდა და ბერობაში კი დაბერდა!
და მაინც ვერაფერს მიხვდა?
არ ვიცი, მერე მე იმ მონასტრიდან წავედი და კონიცაში, სტომიონის მონასტერში გადავედი. ვინ იცის, როგორი სიკვდილი ეწია. და ამასთან ზოგიერთი ახალგაზრდა ბერი იმავე მონასტრიდან მოხუცი ბერების თეფშებიდან ნარჩენებს ერთმანეთში ინაწილებდა - როგორც კურთხევას, ისინი მათი ტაბლიდან გადმოცვენილ ნამცეცებს აგროვებდნენ. სხვა ბერები კი ეამბორებოდნენ ხოლმე კარის სახელურს, იმიტომ, რომ მასზე მამების ხელები ეხებოდა. ეს კი, ხატებს რომ მიემთხვეოდა, მხოლოდ ულვაშით ეხებოდა მათ და მასაც დაუყოვნებლივ გულმოდგინეთ იწმენდდა სპირტით.
წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანს სიწმიდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, ეს ღვთისმოსაობის საწინააღმდეგო საქციელია?
თავდაპირველად უბრალო ზიზღიანობით იწყებენ და მერე უფრო შორს მიდიან. როგორც ეს ბერი: ის არ ემთხვეოდა ხატებს იმის შიშით, რომ იგი, ვინც მანამდე ემთხვია მათ, შესაძლოა, რაღაცით იყო დაავადებული.
ანუ, იმისთვის, რომ ზიზღიანობა მოიშორო, ასეთ რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო?
ადამიანები იმდენ საზიზღრობას ჭამენ, ისე რომ ვერც კი ამჩნევენ. თუკი ის, ვისაც ავადმყოფობა ან სხვა ამგვარი რამ აშინებს, პირჯვარს გამოისახავს, მას ქრისტე დაეხმარება. იცით, რამდენი სხვაცასხვა ავადმყოფობით დაავადებული მოდის ათონზე ჩემი სენაკის გავლით?! და აი, ზოგიერთი მომლოცველი პირჯვარს გადაიწერს, აიღებს საერთო ჭიქას და იქიდან სვამს წყალს, სხვებს კი მასთან მიკარებისაც კი ეშინიათ. რამდენიმე დღის წინ ჩემთან ერთი ადამიანი მოვიდა, მას ერთ დაწესებულებაში ძალიან მაღალი თანამდებობა უკავია. საწყალს ისეთი შიში ჰქონდა მიკრობებისა, რომ გამუდმებით სპირტით წმენდისაგან ხელები ერთიანად ცარცივით გათეთრებოდა. ის მანქანასაც კი სპირტით წმენდდა. წარმოგიდგენია: ესოდენ მაღალი თანამდებობა გაქვს და ასე იქცევი! მე ყუთიდან ლახათ-ლუხუმის ნაჭერი ამოვიღე და მივეცი, მაგრამ მან უარი მითხრა, იმიტომ რომ ტკბილეულს ჩემი ხელი შეეხო. მერე შევთავაზე, რომ თავისი ხელით აეღო ყუთიდან, მაგრამ, ესეც იუარა, ფიქრობდა, რომ ვინც ლახათ-ლუხუმი ყუთში ჩადო, შესაძლოა, სწორედ მას ჰქონდა დაუბანელი ხელი. მაშინ რაღას ვიზამდი?! ავიღე ის ნაჭერი, დავიხარე, მის ჩექმას გადაუუსვი და შევჭმე. ამგვარი რამის გამეორება მასთან რამდენჯერმე მომიწია და მხოლოდ ამის შემდეგ, დიდი წვალების შედეგად შევძელი, მცირედ გამეთავისუფლებინა ამ უძლურებისაგან. აი, დღესაც მოვიდა აქ ერთი გოგონა, რომელსაც უზომოდ ეშინოდა ავადმყოფობის. როდესაც იმ ოთახში შემოვიდა, სადაც მომსვლელებს ვიღებ ხოლმე, ჩემგან კურთხევა არ აუღია, ეშინოდა, მიკრობები არ შესეოდნენ. მე მისი დახმარება მინდოდა და ბევრი სასარგებლო რამ ვუთხარი, მაგრა, წასვლისას კიდევ არ აიღო კურთხევა. "ხელზე იმიტომ არ გემთხვევი, რომ მიკრობებისა მეშინია" - ამიხსნა მან. აბა რას იტყვით? ამგვარად ადამიანები თვითონვე ხდიან აუტანელს საკუთარ ცხოვრებას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები