image
ავტორი: ილია II

თემა: ჭეშმარიტება,  აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 2000

ჭეშმარიტება ერთია

მკვიდრთა საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ძეთა და ასულთა ღვთისათა, ყოველთა ღვთივკურთხეულთა ივერთა:

"იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაი და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესო ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყვარულით" (2 ინ. 1,3).
    ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
    ქრისტე აღდგა!
    აღდგა ერთობა ღმერთთან და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა.
    ქრისტე აღდგა!
    იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი.
    ქრისტე აღდგა!
    სიცოცხლე მეფობს, რამეთუ უჭკნობ ნეტარებას მივემთხვიეთ.
    მოვედით და შევსვათ წყარო უხრწნელებისა, ვიხმიოთ პური საზეპურო, ტრაპეზი – სამეუფო.
    მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი" (I კორ. 15,55).
    არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაუტევნელი გრძნობა ვახაროთ დედას უფლისა და ანგელოზის მსგავსად, რომელმაც პირველმა მიულოცა მას მაცხოვრის აღდგომა, ჩვენც ვუგალობოთ: "განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ და აწ შენცა იშვებდინ, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა". ამ დღეს მისი გახსენება განსაკუთრებულად გვმართებს, რადგან წილხვედრნი ვართ ყოვლადწმიდა მარიამისა და მისი მეოხებით გავხდით ღირსნი ქრისტეს ნათლისა.
    მაგრამ მოდით, გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ეს დიდი სასწაული მოხდა.
    დიდი პარასკევი: უფლის ვნების დღე; ავაზაკთა გვერდით ჯვარზე გაკრული აღესრულა მაცხოვარი; უნუგეშოდ შთენილნი, სასომიხდილნი, დამცირებულნი მოციქულნი და ახლობელნი უფლისა დაბნეულობას მოეცვა. მათი მდგომარეობა ამის საფუძველს მართლაც იძლეოდა, რადგან არამარტო მოძღვარი დაკარგეს, არამედ ღმერთკაცის წამებაც საკუთარი თვალით იხილეს; ამასთან, იესო ქრისტე თორმეტ უახლოეს მოწაფეთაგან ერთ-ერთმა გასცა.
    არას მქონეთ, უბირთ და გამოუცდელთ რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თუნდ ექადაგათ, ვინ რას დაუჯერებდა?
    მაშ, როგორ მოხდა, რომ ამ უბრალო მეთევზეებმა სძლიეს მთელ წარმართულ სამყაროს, დაამარცხეს მეფეები და ჯარები, დაიპყრეს მსოფლიო? – ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება, ამაშია ძალა და ძლიერება სულიწმიდისა, უძლურთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა. ეს ძალა ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიენიჭათ მოციქულებს და, უფლის მადლით, მათ მართლაც რომ განაცვიფრეს გარშემომყოფნიც და მსოფლიოს მრავალი ქვეყანაც.
    რატომ გამოირჩია ისინი უფალმა, რით დაიმსახურეს მათ ღვთის ასეთი წყალობა? – უპირველეს ყოვლისა, გულის განსაკუთრებული სიწმიდითა და სულის სიწრფელით, თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით. ამიტომაც იქცნენ ისინი სასურველ ჭურჭლებად უფლისა და დაიტიეს მათზე უხვად გარდამომავალი მადლი სულისა წმიდისა.
    დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებთ, ჩანს, რომ ხალხის ნაწილი დაბნეულია და გულგატეხილობა დაუფლებია. გადაუჭრელი საკითხები მართლაც ბევრია: კორუფცია, დაუსაქმებელი მოსახლეობა, ნარკომანია, ქურდობა, სოციალურად დაუცველი ფენის გამრავლება და სხვ.
    ზოგიერთნი აქედან გამოსავალს მხოლოდ უცხოურ დახმარებასა და კრედიტში ხედავენ, რაც არასწორია, რადგან უშრომელად მიღებული თანხა ბარაქას ვერ გამოიღებს. დახმარება, ინვესტიციები, კრედიტები საჭიროა, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარია ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი გავხდეთ უფლის წყალობისა, რომ იესო ქრისტეს იმედმიხდილ დაუძლურებულ მოწაფეთა მსგავსად აღგვადგინოს, განგვაცხოველოს განგვაბრწყინვოს უფლის მადლმა და ძალამ.
    ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების პრინციპი აირჩია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ცხოვრების ეს წესი უცხო ქვეყნების ყოფის ბრმა მიბაძვას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ყველა ქვეყანას საკუთარი დემოკრატიული წყობა უნდა ჰქონდეს, დაფუძნებული ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურაზე, აზროვნებაზე... ბუნება თვითონ იძლევა მაგალითს მრავალფეროვნებისა. არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანსა და მის ფსიქიკაზე; ხოლო სახელმწიფოში, სადაც მექანიკურად იმეორებენ სხვათა ნააზრევს, სხვათა ფორმულებს, ვიღებთ უსულო, დაშტამპულ, სიცოცხლის უნარდაკარგულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დეგრადაციისთვისაა განწირული. ეს აქსიომაა.
    ვინც დასავლეთის ცხოვრებას ასე თუ ისე იცნობს, მისთვის ნათელია, რომ დემოკრატიისთვის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს: არჩევითობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. ესაა განმსაზღვრელი დემოკრატიულობისა სსხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან ზოგან უპირატესობა ადამიანის უფლებების დაცვას ენიჭება, ზოგან კი – კანონს, ხოლო თვითონ შენობა დემოკრატიული წყობისა ამ საყრდენზე იგება ქვეყნის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
    დღეს საქართველოში აქცენტი ე.წ. "კანონის უზენაესობაზე" კეთდება, ამიტომაც როგორ კანონებსაც მიიღებს სახელმწიფო, ეს განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე არა მარტო ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს, არამედ ხალხის სულიერ მდგომარეობასაც. ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა ჩვენგანმა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში.
    დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი მთავრი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ ასეთ ქვეყნებში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან სხვის ღირსებას, თავისთავადობას და ქმნიან პირობებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების სრული გამოვლენისათვის. ჩვენთან კი ზოგიერთნი სწორედ დემოკრატიის სახელით უპირისპირდებიან იმას, რაც განაპირობებს ერის ინდივიდუალობასა და თვითმყოფადობას, უპირისპირდებიან ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ცდილობენ ქვეყანას გადაუჭრან ის მაცოცხლებელი ფესვები, რომელიც ასაზრდოვებს ჩვენს ერს და განაპირობებს მის წინსვლას.
    რატომ ხდება ასე?
    ხელისუფალთა სიბრძნე, უპირველეს ყოვლისა, იმაშია, რომ შეძლონ, შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.
    შუა საუკუნეებიდან დასავლეთში ადამიანური გონება გამოცხადდა ჩვენი ყოფის ყველაზე ღრმა საკითხების უმაღლეს მსაჯულად, - წერს ერთ-ერთი მკვლევარი, - ამასთან, წარმოიშვა კულტი მეცნიერებისა და ტექნიკისა და სოციალური საკითხების მოგვარება აღქმულ იქნა, როგორც ერთადერთი საშუალება სულიერი პრობლემების დაძლევისათვის (ემანუილ სვეტლოვი, "რელიგია და ხელოვნება", წიგნიდან "რელიგიის საწყისები").
    ანტიჰუმანური ნაყოფი სწორედ თვითმიზნად ქცეულმა ეკონომიკურმა პროგრესმა გამოიღო და ამ გზით მავალ თანამედროვე საზოგადოებას თვითგანადგურების საფრთხე შეუქმნა.
    ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კი აღარ უარყოფენ.
    აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: "თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც დაუშრეტელ წყაროს სიცოცხლისა, სამართლიანობისა, ძლიერებისა, ინსტინქტურად მივმართავდი ძალების დაშრეტისას და იგიც მუდამ მევლინებოდა მხსნელად. ახლა კი ნათლად შევიგრძენი და მივხვდი, რომ უფლისკენ მიმავალი ბილიკის დაკარგვას ჩემთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია".
    ეს სიტყვები შეიძლება მთელი ეპოქის აღსარებად აღვიქვათ.
    მეცნიერებაცა და რელიგიაც საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.
    ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: "მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად".
    ამ აზრს უძველესი დროიდანვე ავითარებდა ქრისტეს ეკლესია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ აზრს იმეორებს თანამედროვე მეცნიერებაც, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითქოს დაუპირისპირდა რელიგიას, თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო და ამ ეტაპმა, მადლობა ღმერთს, უკვე განვლო.
    ევროპისაგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიმეორებ, არ უნდა დავკარგოთ ის ჩვენი ტრადიციული კულტურა, რაც ჭეშმარიტად ღირებულია და ამასთან მათთვისაც მისაბაძია და დასაფასებელი. ჩვენთან მთავარია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, თორემ მოსახლეობაში ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული გულწრფელია და დიდი, ოღონდ მას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს.
    ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება, რადგან ცხოვრების ასეთი წესი ნაყოფია თავისი თავის აბსოლუტიზაციისაკენ მიმართული, ყველაფრის ლეგიტიმიზაციის მოსურნე გონებისა, რომლისთვისაც აღარაფერია წმიდა და რომელიც თავის თავს შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ ძირფესვიანად თავადვე სპობს. თუ გადარჩენა გვინდა, მიწიერი პრობლემების მოგვარების სურვილის გარდა, იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ მოსახლეობას არ დავაკარგვინოთ სასუფევლისაკენ მიმავალი გზა და სხვათა შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
    დღეს ჩვენს ქვეყანაში ღმერთის არსებობასა და რელიგიის აუცილებლობაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე ბევრს ლაპარაკობენ აღმსარებლობის თავისუფლებაზეც. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, სწამდეს ის, რაც მას ჭეშმარიტებად მიაჩნია. რელიგიის არჩევაში თავისუფლების შეზღუდვა არასწორია, მაგრამ სრულებით გაუგებარია ზოგიერთი იდეოლოგის მცდელობა, რომ ნებისმიერი რელიგია, სექტა თუ სხვადასხვა მიმდინარეობა ერთ სიბრტყეზე დააყენოს და ხალხს მათი თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა შესთავაზოს.
    აქედან მხოლოდ ის გამოდის, რომ თურმე 10, 100, 1000 ჭეშმარიტება არსებობს, მაშინ, როცა საშუალოზე დაბალი განვითარების ადამიანმაც კი იცის, რომ ჭეშმარიტება ერთია.
    მაინც რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს?
    როგორც ჩანს ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ხომ მარადიული სიკვდილისათვის მათ განწირვას ნიშნავს?! ხოლო თუ არ სჯერათ სულის უკვდავება, რელიგიაზე რატომღა ლაპარაკობენ? ნუთუ იმიტომ, რომ რწმენა საზოგადოების მართვის ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენიათ, თვითონ კი სულით ათეისტები არიან და ხალხს განზრახ აბნევენ?
    ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სექტების დამღუპველი მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. შედეგი კი ჯერ არ ჩანს.
    დღეს, მაგალითად, ე.წ. იეღოველებზე ტელევიზიაც და პრესაც ალაპარაკდნენ და შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან უკვე ათეულობით შემთხვევაა იმისა, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო ამ სექტის მიმდევარნი გარდაიცვალენ. რა თქმა უნდა, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია და არც შეიძლება, რომ იგი საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი არ გახდეს, მაგრამ იგივე იეღოველთა სექტა რომ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების მოწინააღმდეგეთა მთელ არმიას აყალიბებს, ეს საგანგაშო არ არის? ის, რომ ათასობით ადამიანი ფაქტობრივად სულიერად მკვდარია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი (აღარაფერს ვამბობთ ქრისტიანებისადმი მათ დამოკიდებულებაზე) და მათი რიცხვი ხვალ უფრო მეტი იქნება, არ არის საშიშროება ჩვენი პატარა სამშობლოსათვის, რომელსაც გარშემო ამდენი უცხო სარწმუნოების ქვეყანა ესაზღვრება?
    სამწუხაროა, რომ ასეთ უარყოფით ძალას ჩვენს საზოგადოებაში ქომაგები გამოუჩნდნენ, რომელნიც ვითომც დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით მოქმედებენ. საინტერესოა, თვითონ რა აღმსარებლობისანი არიან?
    რჯულთშემწყნარებლობის გამოვლენა მორწმუნე ადამიანისაგან კარგია, როდესაც იგი რწმენის სისავსიდან და უმაღლესი ზნეობრივი ძალის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, ხოლო რჯულთშემწყნარებლობა მრწამსის არმქონე ადამიანისა კიდევ ერთი დასტურია მისი უღმერთობისა.
    თუ ჩემთვის სულერთია ქრისტიანობა, იუდაიზმი, წარმართობა, ესა თუ ის სექტა... მაშინ, რა თქმა უნდა, ვიქნები შემწყნარებელი ამა თუ იმ სექტის მიმართ, მაგრამ რაში იქნება ღირსება ჩემი შემწყნარებლობისა?!
    "რელიგიური ინდიფერენტიზმი", - წერს ვლადიმერ სოლოვიოვი – სრული უგულვებელყოფაა გულის სითბოსი და სულიერობისა. ეს არის ზნეობრივი გაყინვის წერტილი, სიცივე სულიერი სიკვდილისა. ხოლო თუ უმაღლესი იდეალისადმი საზოგადოების გულგრილობისას თავს იჩენს მისი მკვეთრი ლტოლვა მდაბალი ინტერესებისა და მატერიალური კეთილდღეობისადმი, ნათელია, რომ ჩვენს წინაშეა სოციალური გახრწნის პროცესი (სოლოვიოვი, ტ.IV. გვ.138). სავალალოა, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი საშიშროების ზღვარზე დგას.
    უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვიცხადა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. რწმენით, რომელიც ფაქტობრივად როგორც საჩუქარი, ისე მივიღეთ უფლისაგან. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია" (2,8).
    ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს, ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლით განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში.
    ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას.
    მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელია ამ წყაროსაა დაწაფებული და უხვად საზრდოობს მისი მაცოცხლებელი ძალით. საქართველოს ეკლესია იცავდა და იცავს უძველესი, მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას.
    განა ეს არ უნდა გვახსოვდეს და გვეამაყებოდეს? განა შეიძლება ღვთისაგან ბოძებული ამ წყალობის ვერ დანახვა, ან უგულვებელყოფა?
    დიახ, ჭეშმარიტება ერთია და მას მეტოქეობას სხვა ნახევრადჭეშმარიტებანი ვერ გაუწევს. ეს არ არის ამპარტავნება და სხვათა ზემოდან ყურება, რადგან ჭეშმარიტება დამსახურებისამებრ არ მოიპოვება, არამედ იგი ერს ღვთისაგან ეძლევა.
    ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა – ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
    ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ მხოლოდ საკუთარ თავს ნუ მიენდობით, არამედ ეცადეთ, უფლის სასოება არ დაკარგოთ როგორც ყველაზე მძიმე წუთებში, ისე მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით აღვსილნი.
    მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჩვენი დღევანდელი ცხოვრებიდან. თქვენ იცით, ბოლო დროს ახალგაზრდების სიკვდილიანობა გახშირდა, რაც 10-12 წლის წინ დიდი იშვიათობა იყო; და, აი, იმ დროს, ერთ მეტად სათნო, სიყვარულით სავსე ოჯახში უდიდესი უბედურება დატრიალდა: ღამით, როდესაც მშობლები შინ არ იყვნენ, მათი შვილები – 14 წლის ვაჟი და 8 წლის გოგონა ძილში გაზით მოიწამლენ და აღესრულენ. უნაპირო მწუხარებით ელოდა დედ-მამა დაკრძალვის დღეს: მათ შვილების დაკრძალვის შემდეგ თავის მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. დაკრძალვამდე ორი დღით ადრე საპატრიარქოში მოვიდა მათი ახლობელი რამდენიმე ადამიანი და მთხოვა, დამელოცა გარდაცვლილი ბავშვები და მათი სასოწარკვეთილი მშობელები.
    ჩვენ მართლაც მივედით იმ ოჯახში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდით და ძალისაებრ ჩვენისა ნუგეში ვეცით, მოხდა სასწაული, თითქოს მაშინვე სულიწმიდის მადლით აღივსო ორივე და მათი გული რწმენამ გაათბო. ღმერთმა არ დაკარგა მათი სიკეთე, მათი სიყვარული, ერთგულება, და, აი, ასეთი ჯვარი მისცა: უმძიმესი ტრაგედიით მიიყვანა ისინი დიდ რწმენამდე, რომელმაც სრულიად გარდაქმნა მათი აზროვნება. ცოლ-ქმარში ისე განმტკიცდა რწმენა, რომ ცხოვრების მიზნად მათ მხოლოდ ღვთის დიდება და მოყვასის მსახურება დაისახეს; გარშემო შემოიკრიბეს სხვა შვილგარდაცვლილი ოჯახები და მათი ტკივილისა და მწუხარების ნუგეშად იქცნენ. დღეს ასეთ ოჯახთა რიცხვი 400-მდეა, ისინი ყოველ შაბათ-კვირას დადიან ტაძარში, სპეციალურ წირვებს აყენებენ გარდაცვლილი შვილებისათვის, ხშირად ეზიარებიან, ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს, ხელმოკლე მონასტრებს, ცდილობენ ქრისტიანულად იცხოვრონ და უფლის რწმენა განამტკიცონ სხვა ადამიანებშიც. ეს ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობს საპატრიარქოსთან არსებულ სასადილოსაც, სადაც ყოველდღიურ საკვებს და აუცილებელ პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდ იღებენ გაჭირვებული, ღატაკი ადამიანები, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა.
    სიკეთე სიკეთეს შობს, მადლი მადლს ამრავლებს. ეს ორი ადამიანი ვერაფერს შეძლებდა, რომ არ ყოფილიყო ღვთის შემწეობა და ასევე მათ გარშემო კეთილ, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე ადამიანთა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულის ყოფა ცალკე ისტორიაა. მეტად საინტერესო და რთულია გზა ცხოვრებისა, რამაც საბოლოოდ ისინი განწმენდამდე მიიყვანა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარულს აზიარა.
    დიახ, სიცოცხლე გრძელდება და იგი ღვთის მადლით უინტერესო სულაც არ არის ამ ადამიანებისათვის, პირიქით, თითქოს ისინი ხელახლა დაიბადნენ, მანამდე დაშვებული შეცდომები დაინახეს და იმასაც მიხვდნენ, თუ რა უნდა დაესახათ ცხოვრების მიზნად.
    ჭეშმარიტად დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი.
    მაგრამ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც დიდი მწუხარება შეხვდეს ადამიანს, იმისათვის, რომ დაფიქრდეს და პასუხი გასცეს ისეთ აუცილებელ კითხვებზე, როგორიცაა: რაში მდგომარეობს სიცოცხლის აზრი? რისთვისაა თითოეული ჩვენგანი გაჩენილი, რა არის სინამდვილეში სიკეთე და რა ბოროტება?...
    შევსთხოვ ღმერთს, მოგვცეს გული წმიდა და გონიერი, მოგვცეს სიწრფელე სულისა, რათა შევძლოთ, დავინახოთ ჭეშმარიტების გზა როგორც საკუთარი სულის, ისე ქვეყნის გადასარჩენად.
    ასეთია ეკლესიური ხედვა ჩვენს ქვეყანაში დღეს მიმდინარე ზოგიერთი პროცესისა. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას, თავის სიტყვას იტყვის და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.
    აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც, ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მასში.
    გუშინ შენთან ერთად დავიფალით, უფალო, და დღეს შენთან ერთად აღვდგებით და ძლევის საგალობელს გიგალობთ ზეცის თანაზიარნი.
    დღესასწაულთა დღესასწაული ფართოდ აღებს მორწმუნეთა გულის კარს, და ჩვენც, არამიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას – ზეიმთა ზეიმს.
    ქრისტე აღდგა!
    ჭეშმარიტად აღდგა!
    აღდგომა ქრისტესი,
    თბილისი, 30 (17) აპრილი, 2000 წ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები