თემა: ღვთის ძიება

18. ვინც ჭეშმარიტი კეთილმსახურებით უძღვნა თავისი გული ღვთის ძიებას, არ ძალუძს მყისვე შეიცნოს, რომ ესათნოვა იგი ღმერთს, რადგან სანამ ჯერ კიდევ ამხილებს მას სინდისი რაღაც ბუნებისგარეგანში (ე.ი. რაღაც ბუნებისთვის უცხო ქმედებაში, რაც იგივე ცოდვაა), მანამდე გაუცხოებულია იგი თავისუფლებისგან, ვინაიდან სანამ არსებობს მამხილებელი, არსებობს ბრალმდებელიც და სანამ არსებობს ბრალდება, არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ, თუკი ნახავ, რომ შენი ლოცვისას შენს მიმართ უკვე აღარ არსებობს არანაირი სამხილი ბოროტებისა მაშასადამე, თავისუფალი ხარ და შესულიც უფლის წმინდა მოსვენებაში, მისი ნებისებრ. თუკი ნახავ, რომ გაძლიერებულია კარგი ნაყოფი და აღარ აშთობს მას მტრის სარეველა, თუკი მოქიშპეები, თავიანთ მზაკვრობას დანდობილნი, უკვე განდგნენ (თუმცა არა თავისი ნებით), რომ მეტად აღარ ჰქონდეთ ომი შენს გრძნობებთან, თუკი უკვე ღრუბელმა მოუჩრდილა კარავს და მზემ აღარ დაგწვა შენ დღისით, არც მთვარემ - ღამით, თუკი შენში თავი იჩინა სრულმა მზადყოფნამ კარვისათვის, რომ აღმართო და დაიცვა იგი ღვთის ნებისამებრ, მაშ გამარჯვება გრგებია უკვე ღვთის შემწეობით. ამიერიდან თვით უფალიც მოუჩრდილებს კარავს, რადგან თავისია იგი. ვიდრე ომია, ადამიანი შიშშია და ძრწოლაში, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება დღეს, სძლევს თუ იძლევა ხვალ, რადგან შერკინება გულს ბოჭავს უწინარეს (ე.ი. წინდაწინ გულს კუმშავს, გულს აღელვებს შერკინების მოლოდინი), უვნებობა კი უბრძოლველია, რადგან მიღებული აქვს მას თავისი ჯილდო და აღარ შფოთავს სამი დაყოფილი ნაწილის გამო, მიაღწიეს რა ამ ნაწილებმა ურთიერთთან მშვიდობით ყოფნას ღვთის შემწეობით, ხოლო ეს სამი ნაწილია: სამშვინველი, სხეული და სული. მაშ, როდესაც ეს სამივე ერთი ხდება სულიწმინდის მოქმედების გზით, აღარ ძალუძთ მათ კვლავაც ურთიერთდაცილება, შენ კი ნუ ჩათვლი, რომ უკვე მოკვდი ცოდვისთვის, სანამ ჯერ კიდევ მძლავრობენ შენზე შენი მტრები, - გინდ სიფხიზლეში, გინდ ძილში, - რადგან ვიდრე კვლავაც ასპარეზზეა უბადრუკი ადამიანი, არა აქვს მას უფლება სითამამისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები