ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მადლის მოქმედება
ქრისტე არის მუნ, სადაცა სუფევს მისი მადლი და სიწმიდე. ქრისტე იმ ზომად არის, ძმაო, შენ გულში, რა ზომად მისი მადლი მოქმედობს მუნ. თუ ქრისტეს მადლი არის შენს გულში, მაშასადამე სულიერიცა სიცოცხლე და სინათლე იქმნება მუნ. იგი მუშაობს შენს გულში; თავის დროზე იგი გაძლევს შენ ნუგეშს, თავის დროზე შეგიყვანს მწუხარებასა და სინანულსა; ზოგჯერ გააჩენს შენს გულში განუზომელსა სიყვარულსა. თუ ჭიდაობა და ბრძოლა შორის ბოროტისა და კეთილისა არის შენს გულში, სჩანს, რომ იქ მუშაობს მადლი ქრისტესი. გარნა თუ ყოველ ცუდ საქმეს და ცოდვას ისრე ადვილად აღასრულებ, რომელ სინიდისი სრულიად არც კი გამხილებს და არც კი შეგაწუხებს, სჩანს, რომელ ამ შემთხვევაში არც ქრისტე და არც მისი მადლი იყო შენს გულში. თუ ოდესმე განსაცდელმა ცოდვისამან მიგიტაცა შენ ესრეთ, რომელ ახლოს იყავ და მზათ იყავ ცოდვისა ქმნად, გარნა უცბად გაგიჩნდა გულში შიში და ძრწოლა, გული გაიმაგრე და წინააღუდეგი ცოდვასა და განეშორე მას, მაშინ უთუოთ ქრისტე იყო შენს გულში, თორემ შენ შენითა ძალითა ვერ სძლევდი ცოდვასა.