ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ჯვარი
ჯვარი ქრისტესი გვასწავლის სიყვარულსა. ჩვენ ვებრალებოდით მას, ჩვენმა სიყვარულმა აღიყვანა იგი ჯვარზე. თვით ჯვარზე ჩამოკიდებულმა, საშინელსა ტანჯვასა შინა მყოფმა, არ მოიკლო მან სიყვარული. გაიხსენეთ მისი სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ, არ იციან, რასა იქმონენ“; ანუ გაიხსენეთ, რა უთხრა მასთან ჯვარცმულსა ავაზაკსა: „ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან იყო სამოთხესა შინა“; ხოლო დედასა თვისსა ჩააბარებს საყვარელსა თვისსა მოწაფესა. რაც გინდა გაყინული ჰქონდეს კაცს გული, არ შეუძლია არ იგრძნოს ლმობიერება და სიყვარული შემხედველმა გოლგოთის ჯვარისა და გამგონემ ამათ სიტყვათა.