
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რჯულის კანონები
ძველი სჯული იყო აჩრდილი, ანუ წინამოსწავება ახლისა აღთქმისა, იესო ქრისტეს ქვეყანაზე მოსვლისა და მისგან მიცემულისა მაცხოვარებისა. იგი იყო მიცემული დროებით, მოსამზადებლად ახლისა აღთქმისადმი, და როდესაც იესო ქრისტე მოვიდა, იგი, ძველი სჯული გაუქმდა, მან დაკარგა თვისი ძალა. ძველი სჯულის წესებს მხოლოდ მით ჰქონდათ მადლი და ძალი განმართლებისა, რომ ისინი მოასწავებდნენ, უჩვენებდნენ ქრისტე იესოს ჯვარცმასა და მისი საღმრთო სისხლით ჩვენსა განმართლებასა. თუ ძველი სჯულის საქმეებით ვეძიებთ განმართლებასა, ანუ ისე ვიფიქრებთ, რომ კაცს ვერძის, კრავის და ძროხების სისხლი გაამართლებს, მაშინ იესო ქრისტეს მოსვლა ქვეყანაზე არაფერი ყოფილა, და ვინც ახლა იესო ქრისტესაგან ეძიებს განმართლებასა, ის აქამომდე ცოდვაში არის.