ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განათლება
განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით და არა მხოლოდ ერთსა, თუ გინდ უმაღლესსა მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი. შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ საქმეზედაც და ბოროტზედაც, სასარგებლოდ და საზარალოდ თავისა თვისისა და სხვათა. საქმე უმაღლესია სიტყვაზე, ცხოვრება უძვირფასესია სწავლაზე. სწავლამ, განათლებამ უნდა გააუმჯობესოს ყოველნი საქმენი ჩვენნი, მთელი ჩვენი ცხოვრება. რა სასარგებლოა, როდესაც კაცის გონება სავსეა მრავალგვარი ცოდნითა, ხოლო მისი საქმე და ცხოვრება სრულებით არ განსხვავდება უსწავლელ კაცთა საქმისა და ცხოვრებისაგან. „ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი“ (იაკ. 3.13) – იტყვის წმიდა იაკობ მოციქული.