ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: ცოდნა
ცოდნა არის მხოლოდ გზა, საშუალება უმაღლესი მიზნისადმი მიმყვანებელი და იმდენად უნდა დაფასდეს იგი, რამდენადაც ეხმარება კაცს ამ მიზნის მისაღწევად. რა არის მიზანი სწავლისა? სად უნდა მიიყვანოს კაცი ცოდნამ, სწავლამ? არ შეიძლება ვსთქვათ, რომ ცოდვა რაიმე იყოს, როდესაც კაცი თავის განათლებით კანონიერად ისარგებლებს, რომ თავის ნივთიერი მდგომარეობა გააუმჯობესოს. კიდეც საჭიროა და კარგი, რომ თვითეული პირი სარგებლობდეს თავის ცოდნითა გაუმჯობესებისათვის თავის ცხოვრებისა, მაგრამ არა ამაში მდგომარეობს უმაღლესი მიზანი სწავლისა და განათლებისა. სწავლა, განათლება თავის თავად კარგია და სასარგებლო, რადგან აღამაღლებს და გაამდიდრებს კაცის გონებას, მაგრამ მაინც არ შეიძლება ვთქვათ, რომ იგი თვით იყოს მიზნად თავისა თვისისა. არა, იმან უნდა მიიყვანოს კაცი მეორე და უმაღლესი მიზნისადმი და ეს უმაღლესი მიზანი არა სხვა რაიმე არს, გარნა ზნეობითი განვითარება და გაუმჯობესება კაცისა.