არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღვთის განსაკუთრებული წყალობითა

დაფარული არის ღმრთის სიბრძნის საიდუმლო ცოდნის წიაღი, სადაც ადამიანები ღვთის განსაკუთრებული წყალობითა და განგებით დაიშვებიან; რომელნიც დაუსრულებლად, თანდათანობით, ძალითი-ძალად სულიწმიდის შემწეობითა და მოქმედებით: ჭვრეტით, შემეცნებითა და ზეშთაგონებით განდობილნი ხდებიან უმაღლეს საიდუმლოებებში და განიბრძნობიან საიდუმლო სწავლებით ცოდნაში: ღმრთის, ანგელოზების და ადამიანის შესახებ, რომელნიც ადამიანს ძალისამებრ ღმრთის ნების სისრულის, მიუწვდომელი განგებულების და ქმნული საკვირველების სიღრმეებს განუცხადებს. ერთია იხილო და გესმას, ხოლო მეორე დანახულის და მოსმენილის საიდუმლოს ჩასწვდე.
    დაფარული არ იხილვება, მოყვასო, როგორც ეს უჩინონზე ვთქვით. არამედ აქ, მხოლოდ ჭვრეტაა გონებრივი თვალით, რომელსაც სულიწმიდა აძლევს ძალას წარმართებისას.
    ადამიანს რომ დაფარულის ცოდნის კარი გაეღოს, სიწმინდის გარდა აუცილებელია დამსახურება ჰქონდეს ღმრთის წინაშე: ხოლო დამსახურებას ადამიანს ღვთისათვის და სახარებისათვის სიმდაბლითა და სიყვარულით გადატანილი მრავალი დიდი თუ მცირე ჭირი და განსაცდელი, დევნილობა, უსამართლობა, დაცინვა, განკითხვა, შრომა, ოფლი და მოღვაწეობა შესძენს.
    ღმრთის წინაშე წმიდა ცხოვრებით, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანს უჩინოთა ხედვა მიეცემა, ხოლო სიწმიდეს შეძენილი დამსახურებით, დაფარულთა გამოცხადება ეძლევა. აი, ამისთვის ვთქვი, მოყვასო, საუბრის დასაწყისში, რომ უჩინოს სამართლიანად და სიბრძნით იხსენიებს დაფარულზე წინ მეფე დავით წინასწარმეტყველი-მეთქი; რადგან ადამიანი მოღვაწებით ჯერ სიწმინდის საზღვრებს მიემთხვევა, რომლის მაღალ საზომებზე ასვლისას უჩინოთა ხედვა ეძლევა, ხოლო შემდგომ კი თუკი კვალად გულმოდგინე მოღვაწეობით იქნება, დამსახურებაც შეეძინა ღმრთის მოწყალე და კაცთმოყვარე თვალთა წინაშე და დაფარულთა ცოდნის წყალობასაც მიიღებს მისგან.
    როდესაც ადამიანი დაფარულის ცოდნის წიაღში დაიშვება და მისი საზომისაებრ მიეცემა გამოცხადებანი, ის მთელი ძალით ეძლევა ჭვრეტას. თითქმის აღარ ახსოვს არაფერი, ბუნებრივიც კი - იმდენად ტკბილია ეს ყოველივე. მთელი ძალით ჭვრეტს, გონებით, გონების თვალით დანახულს და სწურავს შემეცნებისათვის. ამგვარ "დაძაბულობაში" ის არ განიცდის დაღლასდა მობეზრებას, არამედ დიდი მოთმინებითაა შემოსილი, რადგან სული ამ დროს დიდ მშვიდობაშია და ელის განხადებას საიდუმლოსას. ჭვრეტა და წვრთნა სიტკბოებაა, ხოლო შემეცნება და გაცხადება - გამოუთქმელი სიხარული და ნეტარება.
    აი, ყოველი ეს, მოყვასო, ძალზედ მაღალი სათნოების ადამიანზე აღესრულება, რომელსაც ღირსი იოანე სინელი "კლემაქსში" რწმენას, სასოებასა და სიყვარულს უწოდებს; აკი, ვთქვი, ძალზედ მაღალი სათნოებისა-მეთქი, რომელიც მართლაც რომ, უკანასკნელი საფეხურია სათნოებათა კიბის.
    და მაინც, თმც ძალზედ მაღალ ნეტარებას განიცდის ადამიანი, მასში დაჯერება და დაცხრომა მაინც ვერ ხდება. ის კიდევ უფრო მეტად მიილტვის ღმრთისაკენ, მასთან კიდევ უფრო ღრმა ერთობისაკენ და განუშორებელ მყოფობისაკენ.
 
6