ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად
დავხატოთ მოკლედ ის გზა, რომლითაც ქრისტიანი თავისი ნების გაუმჯობესებას უნდა შეუდგეს. თავდაპირველად ქრისტიანი ყურადღებას ამყარებს თავისთავზე, იხედება თავისი სულის სიღრმეში, პირუთვნელად იკვლევს, თუ რა ნაკლულოვანება აქვს მას, და ამ სახით თავის თავს ცნობს. თავისთავის გამოცდისაგან ჩნდება მასში თავისი უღირსობის, ცოდვიანობის შეგნება. ეს შეგნება მასში ბადებს სითავმდაბლეს, მეურვეობას თავისი სულიერი ენისათვის და თვითგასწორების საქმისათვის შედგომის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ მისი უპირველესი და მუდმივი ფიქრი ის არის, რომ ყოველთვის მზად იქნეს სასტიკი ბრძოლისათვის თავისი ცოდვით სურვილებთან. ის თვალ-ყურს ადევნებს თავის აზრებს, გრძნობებს, მისწრაფებათა, რომელნიც მასში, ანუ შიგნიდან აღიძვრიან, ანუ გარედან შთავლენ; ჩხრეკს მათ და თუ ისინი სინდისსა და სახარებას ეწინააღმდეგებიან, ცდილობს, განდევნოს იგინი თავისი სულიდან, ხოლო თუ ეთანხმებიან, სისრულეში მოჰყავს ისინი, ის მუდამ ეუბნება თავის თავს; სულო ჩემო, აღდეგ, ნუ მიეცემი თავდავიწყებას, აღიჭურვე მოთმინებითა და სიმხნით, ებრძოლე ბოროტებას და სძლიე მას. აღვნიშნოთ ზოგიერთი შემთხვევები ცხოვრებაში. როდესაც ადამიანს შეუძლია, ეომოს ცოდვასა და სძიოს მას. მაგალითად, რომელიმე პირს ამხანაგები აწყენინებენ რითიმე. ამცირებენ ლაპარაკში, ვნებენ საქმით; ხოლო ის ყოველივე ამას ითმენს, არ განრისხდება, არ წამოისვრის ლანძღვით სიტყვებს, არ ეკიდება მათ მტრულად და არ სარგებლობს მარჯე დროით, რომ მათ სამაგიერო გადაუხადოს; ის მათ სულითა და გულით აპატიებს, ანუ ვინმე ხედავს თავისი ამხანაგის ბედნიერებას და ის ძალას ატანს თავის თავს, რომ იგი შურმა არ შეიპყროს. ანუ ვინმემ მოისმინა მუაიფი, რომელშიც რომელიმე პირს ჩრდილი მიაყენეს, აძაგეს და ის არ მირბის იმ პირთან და არ გადასცემს მას ნალაპარაკევს. ანუ ხედავს ვინმე ადამიანს, ბუნებისგან დასჯილს, ნიჭით ნაკლებს, უსახოს, და იგი თავს იჭერს, რომ არ დასცინოს მას, არ იმახვილოს მასზე, არ შეიძულოს იგი. პირიქით, ცდილობს, დაუახლოვდეს მას, მოეხმაროს მას, რითაც შეუძლია და დაჩაგრულს გული დაუტკბოს, და სხვადასხვა რასაკვირველია, ადამიანი ერთბაშად ერთნაირი ზომით ვერ შეებმება და ვერ ეტყვის უარს თავის ცოდვით მიდრეკილებათა. პირველ ხანებში იგი დამარცხდება, მაგრამ მერმე თანდათან იწყებს გამარჯვებას, საჭიროა ოღონდ, რომ ენერგია არ დაკარგოს.
|