თავი ეკლესიისა არის უფალი იესო ქრისტე, სული ეკლესიისა - სული წმიდა, წევრნი ეკლესიისა - ვართ ჩვენ, რომელთაც გვწამს წმიდა სამება, ვართ ნათელღებულნი და ზიარნი ყოველთა საიდუმლოთა. ეკლესიის საშუალებით იღებს მორწმუნე მრევლი ღვთის მადლს და ნიჭთა სულისა წმიდისათა.
ღმერთი არსებით ერთია და მაინც არ არის ერთი - სამპიროვანი ერთარსებაა. იგი ყოველი ადამიანის პირად დრამას თანაუგრძნობს და ამავე დროს მთელი სამყაროს ღმერთად რჩება. მას შეუძლია ტანჯვა განიცადოს და მაინც სრულყოფილი დარჩეს, იგი ყველგანმყოფია მაგრამ სამყაროს არ ერწყმის.
მთელი კოსმოსის, ხილული და უხილავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლადწმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწრაფვის მისკენ.
სამყაროს აქვს მხოლოდ ერთი საწყისი - ყოვლადძლიერი, ყოვლადკეთილი, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემოქმედი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება, რომელიც ყველგან არის და ყოველივეს აღავსებს მადლითა თვისითა. იგი თავისი მარადიული ნეტარების წიაღისაკენ იზიდავს მთელ სამყაროს და ყოველივე ქმნულს, რომელიც, თავის მხრივ, მიისწრაფვის მისკენ და ადიდებს მას.
ვინ შეიძლება ეკუთვნოდეს ქრისტეს ეკლესიას? ის, ვისაც სწორად სწამს და აღიარებს წმიდა სამებას, ვინც მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, ვინც შეერთებულია ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულით, ემორჩილება და აღიარებს სჯულის კანონებს, ვინც ეზიარება ტაძარში შესრულებულ წმიდათა საიდუმლოთა, რომელნიც სამღვდელოების მიერ წმიდა მოციქულთაგან მიღებული მადლით აღესრულებიან.
29. როცა უფალი ამბობს, რომ "მე და მამა ერთი ვართ", ამით ბუნების ერთობას აღნიშნავს; ხოლო, როცა ამბობს, რომ "მე მამაში ვარ და მამა ჩემშია", მაშინ ჰიპოსტასის განუყოფლობას გვიჩვენებს. ამრიგად, ტრითეოტები (სამღმერთიანელები), გამოყოფენ რა ძეს მამისაგან, ორივე მხრიდან უფსკრულში ცვივდებიან: ან ძეს აღიარებენ მამის თანაარსად, მაგრამ მას მამისაგან გამოყოფენ და იძულებულნი არიან, თქვან, რომ ძე მამისაგან არ შობილა და ამგვარად ერესში ცვივდებიან, აღიარებენ სამ ღ...