საკუთარი თავი ყველაზე უღირსად და ამასთანავე ყველას მმართველად მიიჩნიე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმ ხარისხისთვის, რომელიც მიიღო. ყველას მიმართ გულმოწყალე უნდა იყო (ეფეს. 4, 32), როგორც მოციქულმა თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2), სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინისცემდით სულმოკლეთა“ (1 თეს. 5, 14), და „ნუ ვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“ (რომ. 12, 17), არამედ - კეთილი. თუ ვინმე არ დაგემორჩილა, იგი შეისწავე და ნუ თანააღერევი მას (2 თეს. 3, 14). დანარჩენზე, რაც ჩემს მცირედ სიტყვაში აღნიშნული არაა, დაე იმავე მოციქულმა შეგაგონოს.
ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, სამოქალაქო და სასულიერო; სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც შეეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო – მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო – ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს; ორთავ ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება.
თუ დანაშაული დიდია, მაშინ ძმების თანდასწრებით ამხილე, მაგრამ წინასწარ უნდა უთხრა მას: „თუ არ გამოსწორდები, ძმების თანდასწრებით განვაცხადებ ამას“. ასე უფალმა გვამცნო: „ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაი იგი შენი. ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ან ორი სხუაი“ (მათე 18, 15). და ა.შ. ხოლო, როდესაც შეცოდება უმნიშვნელოა, მაშინ ცალკე ამხილე და ეპიტიმიაც დაადე.
თუ მათ ეს თანხმიერად, გულის სიმართლით და ღვთის რწმენით სურთ, არა მარტო ერთ-ერთ მათგანს მისცემს, არამედ როდესაც სთხოვენ, ღმერთი მათ ზეციდან ანგელოზსაც, ანუ ანგელოსთასწორ პიროვნებასაც გამოუგზავნის, რამეთუ არ შეუძლია იცრუოს მან, ვინც თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიიღოს“ (მათე 7, 7-8); ხოლო, ვინც უსარგებლოდ ითხოვს, მათთვის ნათქვამია: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“ (იაკ. 4, 3).
ღვთის წმინდა სამსხვერპლოს მსახურებისთვის ღვთის ღირსეულ და კეთილმსახურ ადამიანებს უნდა დაასხა ხელი, წერილის თანახმად განსაკუთრებით ისეთებს, რომლებზეც ბევრნი მოწმობენ (1 ტიმ. 3, 7; საქმე 22, 12). ასეთების ხელდასხმას უნდა ეცადოთ და ხელდასხმის შემდეგ თქვენი სამართლით უნდა მართოთ ისინი, იმიტომ რომ ეკლესიის სამართლიანობისთვის თუ თქვენ ამ მოვალეობისაგან გადაიხრებით, ღმერთი ანგარიშს მოგთხოვთ. მაგრამ ასეთი მოქმედებით, ღმერთს თქვენს ნებას დაანახვებთ, რომ ღვთის ეკლესიებისთვის ღირსეული ადამიანების ხელდასხმა გსურთ.
მდივანთან დაკავშირებით არასამართლიანად მსჯელობ. ის რომ ცუდი და უუნარო ადამიანი იყოს და სხვებიც რომ არ ამბობდნენ მასზე კარგს, მაშინ შენი მსჯელობა სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ რაკი, პირიქით, მასზე ამოწმებენ, რომ ის კეთილი და გამოცდილი ადამიანია, ამიტომ თავის მართლების გამო ნუ დაარღვევ მოციქულის მცნებას, რომელიც ასეთი ადამიანების ხელდასხმას გვიბრძანებს. უნდა იცოდე: როდესაც ვინმე რაღაც საქმეს ღვთის შიშით აკეთებს და გულით არ იხრება ადამიანის შეხედულებებისაკენ, მაშინ ამას ცდუნება რომც მოჰყვეს, ის დიდხანს არ გასტანს და არც არავის დააზიანებს. ასეთ ცდუნებას ეშმაკის შური წარმოშობს, რამეთუ ცუდი ხე კარგ ნაყოფს არ იძლევა, ისევე როგორც კარგი - ცუდს (მათე 7, 17). შენდობას ვითხოვ ღვთის გულისათვის და ილოცეთ ჩემთვის.
სოფლის წარდგინებით ხელდასხმულნი ან დადგენილნი არ უნდა ექვემდებარებოდნენ არც პირად მსახურებას და არც გადასახადს. ასევე ზოგიერთი ძლიერი პიროვნების წარდგინებით ან რწმუნებით დადგენილებმაც არ უნდა იმსახურონ პიროვნულად, არამედ საკუთრებით უნდა მიიღონ მასში მონაწილეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაგვიგონია, რომ ისინი შემოწირულობის საფუძველზე არიან ხელდასხმულნი. რამეთუ ეს საქმე რაღაცნაირად შეიძლება მოსათმენი იყოს (აქ ორიგინალში რამოდენიმე სიტყვა გაცრეცილია - შენიშვნა); მაგრამ ვინც დადგენილია, მან თვითონ უნდა აგოს საკუთარ თავზე პასუხი.