ავტორი:
წმ. ნილოს სინელი
თემა: სიძვა
როცა შენ თავადაც ახალგაზრდა ხარ, სჯობს მიუახლოვდე მოტყინარე ცეცხლს, ვიდრე ახალგაზრდა ქალს, რადგან ცეცხლთან მიახლოებული ტკივილს იგრძნობ და მაშინვე უკან დაიხევ, ქალის მუსაიფით დაშაქრული კი მას უცბათ ვერ მოსწყდები. წყალთან ბალახი აბიბინდება, ხოლო ქალთა საზოგადოებაში - უწესო ვნება. ვინც სტომაქვს ივსებს და სიტყვას იძლევა რომ უმანკო იყოს, იმას ჰგავს, ვინც ამტკიცებს, რომ ცეცხლის ძალაც ჩალით დაშრეტს.როგორც ჩალას მოდებული ცეცხლის შეკავებაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია გარყვნილებისადმი ლტოლვის შეჩერება, რომელსაც ნაყროვანება აღანთებს. სვეტს საძირკველი აკავებს, სიძვის ვნება კი ნაყროვანებაზე განისვენებს. ზღვათაღელვაში მოხვედრილი ხომალდი ნავთსადგურისაკენ მიისწრაფის, ხოლო უბიწო სული უდაბნოს ეძებს. ხომალდი ზღვის ტალღათა ღელვის საშიშროებას გაურბის, სული კი - იმ ქალთა სახეებს, რომლებიც დაღუპვას უქადიან. მორთული ქალის იერი ზღვის ტალღებზე მეტად ქმნის დანთქმილ საფრთხეს. სიცოცხლის სიყვარულის გამო ზღვის ტალღებს კიდევ შეიძლება თავი დააღწიო, მაცდური ქალის შეხედვა კი გიბიძგებს, თვით სიცოცხლეც კი უგულებელჰყო. უდაბნოს ბუჩქი უვნებლად გაურბის ცეცხლის ალს, ქალებს გაშორებული უმანკო პიროვნება შეუფერებელი ვნებით არ ენთება. როგორც ცეცხლის მოგონება არ წვავს აზრს, ასევე ვნებაც უძლურია, როცა არაფერია მასაზრდოებელი.