თემა: ნათლისღება

1741.რატომ ინათლებიან ადამიანები?
ადამიანები ინათლებიან,
    1. რათა შეუერთდნენ ქრისტეს და მისი სხეულის ნაწილნი გახდნენ,
    2. რათა განიწმინდონ ყველა ცოდვისაგან და მიიღონ ღმრთის მადლი,
    3. იმისთვის, რომ ადამიანებმა შეიძინონ ახალი, წმიდა ცხოვრების უნარი.
    
1742.რომელი ცოდვისაგან იწმინდეა ნათლისღების საიდუმლოთი ჩვილი ბავშვის სული?
იწმიდება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისაგან, რამდენადაც მათ სხვა ცოდვები არა აქვთ.
1743.როგორ აღესრულება ნათლისღების საიდუმლო?
აღესრულება ამგვარად: ,,ნათელს იღებს სამგზის შთაფლავს წყალში და წარმოთქვამს: ,,ნათელს იღებს მონა ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. ამინ." წარმოსთქვამს სახელს, რომელიც მონათლულს უნდა ეწოდოს.
1744.რა უბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოციქულებს, როდესაც დაადგინა ნათლისღების საიდუმლო?
უბრძანა: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ." (მთ.28,19-20).
1745.აუცილებელია ადამიანისთვის ნათლისღების საიდუმლო?
აუცილებელია, რამდენადაც მის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით დაგვემკვიდრებინა ხსნა და შევდგომოდით დანარჩენ საიდუმლოთ.
1746.რა ბრძანა ქრისტემ ნათლისღების საიდუმლოს აუცილებლობის შესახებ?
ბრძანა: ,,უკუეთუ ვინმე არა იშვეს წლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (ინ.3,5).
1747.ეს სიტყვები ნათლისღებას ეხება?
ეხება, რამეთუ, გადმოცემის თანახმად, სწორედ ამგვარად მიაჩნდა ყოველთვის ეკლესიას.
1748.რა მოეთხოვება ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას სრულასაკოვან ადამიანს?
მოეთხოვება:
    1. სწამდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვითარცა ღმერთი
    2. სინანული,
    3. განდგომა სატანისაგან და ყოველთა საქმეთა მისთვის და ყოვლისა ამპარტავნებისა მისისა.
1749.ბრძანა ქრისტემ რწმენის აუცილებლობის შესახებ ნათლისღების საიდუმლოს მიღების ჟამს?
ქრისტე ბრძანებდა: ,,რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხონდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მკ.16,16).
1750.რომელ რწმენას გულისხმობდა ქრისტე ამ სიტყვებში?
გულისხმობდა რწმენას მის მიმართ, ვითარცა მხოლოდშობილი ღმრთის ძისა.
1751.საიდან ვუწყით, რომ ქრისტეს ამგვარი რწმენა უპირობო აუცილებლობად მიაჩნდა?
ვუწყით მისივე სიტყვებიდან: ,,რომლისა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელსა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილსა" (ინ.3,18).
1752.როგორ ვაღიარებთ რწმენას წმ. ნათლისღების ჟამს?
ვაღიარებთ ამგვარად:
    1. მღვდელი ეკითხება მოსანათლს, შეუვრდება თუ არა ქრისტეს და სწამს თუ არა იგი, რაზედაც მოსანათლი პასუხობს: ,,შეუვრდები ქრისტესა და მწამს იგი, ვითარცა მეუფე და ღმერთი".
    2. შემდგომ იკითხება სიმბოლო სარწმუნოებისა.
1753.საიდან ვუწყით, რომ სრულასაკოვან ადამიანებს მართებთ სინანული?
ვუწყით წმ. პეტრე მოციქულის სიტყვებიდან: ,,შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუნემან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებლად ცოდვათა" (საქ.2,38).
1754.რის საფუძველზე ნათლავენ ჩვილ ყმებს?
ნათლავენ მათი მშობლების და მიმქმელთა სარწმუნოების მიხედვით.
1755.რატომ ნათლავენ ჩვილ ყმებს?
ჩვილ ყმებს ნათლავენ იმისთვის,
    1. რათა გამოჰყონ ისინი ურწმუნოთაგან და შეაერთონ ჩვენს უფალ-იესო ქრისტესთან.
    2. რათა ისინი პირველქმნილი ცოდვის გარეშე აღიზარდონ, ღმრთის მადლით,
    3. რათა გამოვლინდეს ქრისტეს სიტყვების მორჩილება: ,,აცადეთ ყმებსა მაგას მოსვლად ჩემდა" (მთ.19,14).
1756.რა ევალებათ ნათლიებს?
ნათლიების მოვალეობებია:
    1. წმ. ნათლისღების ჟამს დაუდგნენ თავდებად ნათლულის სარწმუნოებას.
    2. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას ჩვილი ყმის ნაცვლად უპასუხონ მღვდლის კითხვებს.
    3. მუდმივად უნდა ზრუნავდნენ, რათა ნათლული იყოს და დარჩეს კეთილმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანად.
1757.რატომ არქმევენ წმ. ნათლისღებისას მონათლულს რომელიმე წმინდანის სახელს?
იმისთვის, რათა მან იცოდეს, რომ შედის ღმრთის წმიდანთა კრებულში.
1758.რატომ ეძლევა ნათელღებულს წმ. ნათლისღების ჟამს ნათლობის ჯვარი?
ეძლევა, რათა მუდამ აღიარებდეს მხსნელს თვისას უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჯვარს ეცვა მისთვის.
1759.რატომ ჰმოსავენ ნათელღებულს წმ. ნათლისღების ჟამს თეთრ სამოსელს?
ჰმოსავენ სულის განწმენდის ნიშნად.
1760.რომელ აღმსარებლობას უნდა მიეკუთვნებოდნენ ნათლიები?
უნდა მიეკუთვნებოდნენ მართლმადიდებელ აღმსარებლობას, რამეთუ სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებდნენ ნათლიის მოვალეობის აღსრულებას.
1761.ვის შეუძლია აღასრულოს ნათლისღების საიდუმლო, თუ მოსანათლ ადამიანს სიკვდილის საფრთხე ელის?
შეიძლება აღასრულოს ნებისმიერმა ქრისტიანმა, არა აქვს მნიშვნელობა, დედაკაცი იქნება თუ მამაკაცი.
1762.რად შევიქმნებით წმიდა ნათლისღების საიდულოს აღსრულების შემდეგ?
შევიქმნებით ქრისტიანები და ეკლესიის წევრნი.
    განმარტება:
    I. ზოგ მხარეში ნათლისღება აღესრულება იმგვარად, რომ მოსანათლ ადამიანს სიტყვების წარმოთქმისას: ,,ნათელს იღებს მონა ღმრთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა ამინ", სამჯერ თავზე ჯვრისებრივ ესხმის წყალი, რომელიც მთელ სხეულზე ჩამოედინება; სხვაგან მხოლოდ თავზე ასხამენ წყალს სამჯერ ჯვრისებურად. ხელახლა აღმოშობას წყლითა და სული წმიდით, ისევე, როგორც სრულად განწმენდას ცოდვებისაგან, უმეტესად შეეფერება სამგზის შთაფლა წყალში. ადრეულ ხანებში ნათლისღების საიდუმლოება ამგვარად სრულდებოდა თითოეულ ადამიანზე, გარდა მძიმე ავადმყოფებისა, რომელთაც არ შეეძლოთ წამოდგომა სარეცელიდან. შიში, რომ ამან შეიძლება ავნოს ნათელღებულის ჯანმრთელობას - უსაფუძვლოა და მცირედმორწმუნეობიდან გამომდინარეობს.
    II. ეკლესიის წევრად გახდომის შემდეგ, ქრისტეს სხეულის ნაწილები ვხდებით, რამეთუ ეკლესია ქრისტეს სხეულია. ეს სულიერი რეალობა პავლე მოციქულის სიტყვებით არის ის, რომ ქრისტეს შევიმოსავთ, ე.ი. მას ვუერთდებით და ვემსგავსებით, ,,რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ" (გალ.3,27).
    III.სარწმუნოების სიმბოლოში ნათლად არის ნათქვამი: ,,აღვირებ ერთსა ნათლის ღებასა...", რათა ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ადამიანის მონათვლა მხოლოდ ერთხელ არის, შესაძლებელი.
    IV. მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ შესანიშნავი ჩვეულება, მუდმივად ატარონ მკერდზე ნათლობის ჯვარი.
    V. სიკვდილის საფრთხით გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევის გამო აღსრულებული ნათლისღების შესახებ, მიღებული წესის მიხედვით, აუცილებლად უნდა ეცნობოს მღვდელს და რაც შეიძლება დროულად.
    რამდენადაც ნათლისღების საიდუმლო ნათელღებულის სულიერი აღმოშობაა, მიმქმელნი თავიანთ თავზე აღებული ვალდებულებების გამო, ნათელღებულის მშობლებად ითვლებიან სულიერი თვალსაზრისით. ამ ორმხრივ სულიერ კავშირს სულიერი ნათესაობა ეწოდება.
    VII. ზოგიერთი ადამიანი არ სცნობს მცირეწლოვან ყრმათა ნათლის ღების სინამდვილეს და თავიანთი შეხედულების დასაცავად მოჰყავთ მოსაზრება, თითქოს ყრმებს არა აქვთ სინანული და ქრისტეს რწმენა, ამიტომ არ შეიძლება მოინათლონ. ყრმას არავითარი პირადი ცოდვა არა ჩაუდენია და ამიტომ არც სჭირდება სინანული. ყრმებს მხოლოდ თანდაყოლილი პირველმშობელთა ცოდვა აქვთ, რაშიც ისინი უდანაშაულონი არიან და რომელიც ნათლისღების საიდუმლოთი სცილდებათ. სინანული მართებს მას, ვინც აზროვნებს სრულყოფილად და პირადად სცოდა. რაც შეეხება სარწმუნოების აუცილებლობას, ამას მიმქმელნი და მშობლები იღებენ საკუთარ თავზე. იგულისხმება, რომ თავად ისინი არიან მორწმუნენი და უნდა იზრუნონ მასზედ, რომ ნათელღებული ყრმა ამ სარწმუნოებით განისწავლოს და აღიზარდოს. მათი რწმენის მიხედვით მიეტევება ახლად ნათელღებულ ყრმას პირველქმნილი ცოდვა. მიეცემა ღმრთის მადლი, მსგავსად იმისა, როგორც მიუტევა უფალმა განრღვეულს ცოდვები მათი რწმენისაებრ, ვინც იგი მიიყვანა იესოსთან (მკ.2,5), განკურნა მსახური ასისთავის რწმენისაებრ (მთ.8,13) და ქანანელი დედაკაცის ასული დედის რწმენის შესაბამისად (მთ.15,28).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: