ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ზნეობრივი ლიტერატურის კითხვა, წმინდანთა სწავლების კითხვა, წმინდანთა ცხოვრების კითხვა
466. კარგია თუ არა წერილიდან და მამათა ცხოვრებიდან დამრიგებლობითი მონათხრობების ხშირი მოყოლა?
თაფლი რომ ტკბილია, ეს ყველამ იცის; მაგრამ არც ისაა უცნობი, რა თქვა ბრძენმა: „თუ თაფლი იპოვე, იმდენი ჭამე, რამდენიც შეგერგება, რომ არ გატყვრე და უკან არ ამოანთხიო“ (იგავ. 25, 16). არსებობს სხვადასხვანაირი გუდები: არის გუდა, რომელიც ერთი რაოდენობის პურის მარაგს იტევს, ხოლო სხვა სამჯერ მეტს; თუ ვინმე იმ გუდაში, რომელშიც მხოლოდ ერთი რაოდენობა ეტევა, სამჯერ მეტი რაოდენობის პურის ჩადებას მოისურვებს, მაშინ ის გუდა ამდენს ვერ დაიტევს. ასევეა ამ შემთხვევაში: ვერც ჩვენ გავუთანაბრებთ ერთმანეთს ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ერთს საკუთარი თავის დაზიანების გარეშე შეუძლია საუბარი, ხოლო მეორეს - არა. მაგრამ დუმილი ყოველგვარ მონათხრობზე უმჯობესი და საკვირველი რამაა. მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ ჩვენი მამები და მისით განდიდნენ. მისი მშვენიერება და, ამავდროულად საუბრისაგან მომდინარე მსჯავრი რომ ეჩვენებინა, იობმა თქვა: „ხელს ავიფარებ ბაგეებზე“, ხოლო ღვთის წინაშე მდგარმა პატრიარქმა აბრაამმა, იმ საუბრის შემდეგ, რომელიც უფლისადმი კეთილ თხოვნებს შეიცავდა, თქვა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა“ (დაბ. 18, 27), რითაც საუბრის შემდეგ თავის გულმოდგინება გვიჩენა. მაგრამ, რაკი ჩვენ, ჩვენი უძლურების გამო, ჯერაც არ მიგვიღწევია იმისთვის, რომ სრულყოფილთა გზით ვიაროთ, ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში იმაზე ვისაუბროთ, რაც მამათა სიტყვების მიხედვით დარიგებას ემსახურება, ხოლო წერილის ახსნა-განმარტებებს ნუ შევუდგებით, რამეთუ ეს საქმე მცირედ საფრთხეს როდი უქმნის უმეცრებს. წერილი სულიერადაა წარმოთქმული, ხორციელ ადამიანს კი სულიერი მსჯელობა არ შეუძლია, რამეთუ ნათქვამია: „წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს“ (2 კორ. 3,6). ამიტომ სჯობს საუბრისას მამათა სიტყვებს მივმართოთ და ასე მათში ჩადებულ სარგებელს მივაგნებთ; მაგრამ ჩვენც ზომიერად უნდა გამოვიყენოთ ისინი და გვახსოვდეს ნათქვამი: „ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია“ (იგავ. 10, 19). და თუ აზრმა გვითხრა: ეს სიტყვები ან მონათხრობი კარგიაო, მაშინ გავიხსენოთ, რომ ჩვენ არა ვართ იმის მკეთებლები, რასაც ვამბობთ, მაგრამ გვგონია, რომ ჩვენი ლაპარაკი სხვებს რგებს, ეს მაშინ როცა, თავად არ ვასრულებთ მას და ამით განკითხვას უფრო ვუმზადებთ საკუთარ თავს. მაგრამ ჩვენ ღვთისნიერ საუბარს არ გიკრძალავთ, იმიტომ რომ რაიმე შეუფერებელ საუბარს, ისევ ასეთი საუბარი სჯობია. ამასთანავე, ქედმაღლობაში და თავის ქებაში რომ არ ჩავცვივდეთ, უნდა ვაღიაროთ (რაც სინამდვილეშიც ასეა), რომ რადგან იმას, რასაც ვამბობთ არ ვასრულებთ, ამიტომ ასეთი ლაპარაკით მხოლოდ საკუთარ თავს ვსდებთ მსჯავრს. და როგორც ამ, ისე სხვა შეცოდებებზე, ღმერთს შევევედროთ და ვუთხრათ: „უფალო! ნუ დამსჯი მე ასეთი ლაპარაკისთვის!“