image

თემა: მონასტერი,  ღვთისადმი მადლიერება,  ღმერთზე მინდობა,  სასულიერო ხელისუფლება

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.
საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.
580. მიიღო რა ეს პასუხი, ძმა მაშინვე განთავისუფლდა შემაწუხებელი აზრებისაგან; ის ვერ აცნობიერებდა წერილის არსს და უკვირდა, რომ მან ერთის თაობაზე იკითხა, ხოლო ბერისაგან პასუხი მეორეზე მიიღო. მაშინ ბერმა პირდაპირ უთხრა მას, თუ რაში იყო საქმე, და უბრძანა რომ საერთო საცხოვრებლისთვის ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. ხოლო ძმას უკვირდა, თუ რატომ შეაჩერა ბერმა მასზე არჩევანი, რამეთუ საკუთარ თავს ამისთვის შეუფერებლად თვლიდა; მაგრამ რადგან ვერ გაბედა მისი ბრძანების შეწინააღმდეგება, შემდეგი პასუხი გაუგზავნა:
    აბბა! არც ვიცი უნდა ვთქვა თუ არა კიდევ რაიმე. თქვენში მყოფი ღვთის სული მიცნობს მე და ვფიქრობ რა ამ საქმის საშიშროებაზე, შიში მიპყრობს და ვძრწი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ჩემთვის წყალობის საქმეა და მე ქრისტეში თქვენი მფარველობით ვისარგებლებ, მაშინ არ გეწინააღმდეგებით, რამეთუ თქვენ ჩემზე ხელმწიფება გაქვთ და მე ღვთისა და თქვენს ხელში ვარ.
ბერმა შემდეგი პასუხი მისწერა: ბატონო ძმაო, ღმერთი დამიმოწმებს, რომ მე მთელი გულწრფელობით მიყვარხარ როგორც ძმა და ვლოცულობ, რომ არაფერმა დააზიანოს შენი სული. მრწამს რა შენი მორჩილებისა და ვზრუნავ რა შენს ცხონებაზე, ხელი შევუწყე სიკეთეს, რამეთუ რაც ადამიანთათვის დაფარულია, ის ღვთისთვის ცხადია. და შენ, ჩემო ძმაო, თავად ხედავ, რომ საქმეები ბევრია და თანაც მძიმე; და არ გჯერა, რომ ყველაფერი, რაც საერთო საცხოვრებელშია, თვით მიწის პეშვიც კი, ღმრთისაა, რომელმაც თავის გარდამოსვლით, შეაერთა რა მიწიერი ზეციურთან, ყველაფერი განსწმიდა. ასე რომ, თუ გინდა ცხონების მსურველთა სულების თანამოზიარე გახდე, შენზეა დამოკიდებული დახმარებაც და დაზიანებაც, რამეთუ მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). და კიდევ თქვა: „მდაბალსა მას შეეყვენით“ (რომ. 12, 16). და უფალმაც თქვა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს“ (ლუკა 10, 16). რადგან ეს ღვთის საქმეა, ამიტომ უარს ვერ იტყვი. თავად იცი, არის თუ არა ამაში რაიმე ადამიანური; ის შენ ღვთისნიერი ზრუნვისკენ გიზიდავს, რომელიც საზრუნავი კი არაა, არამედ სულის ცხონებაა, როგორც ამას წერილი ამტკიცებს და ამბობს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5, 20). გამნხევდი უფლის მიერ და გრწამდეს იესოსი, და ის როგორც მოციქულების შესახებ ევედრებოდა მამას, ასევე შენ დაგიფარავს ბოროტისაგან. მაშ, ეჭვი ნუ გექნება, განფინე გული შენი (ფსალ. 61, 8) ღმრთისა და უფლის, იესო ქრისტეს და ჭეშმარიტების სულის წინაშე და მრწამს, რომ ამ გზით ღვთის სამსჯავროზე წყალობას მიიღებ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება წმიდისა სულისა იყოს თქვენთან, ამინ.
581. აჰა მონაი თქუენი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა, ესე იგი მე მამათა ბრძანებით მონაზვნური სქემის ღირსი გავხდი. შემდეგ, ყველას სახელით, ეპისკოპოსს თხოვნა გაუგზავნეს, რომელმაც მღვდლად დაასხა მას ხელი და იმ სავანის იღუმენის ხარისხში აიყვანა. მაშინ ეღირსა მას პირველად თვით აბბა იოანესთან მისვლა. ბერს იმდენად დიდი სიმდაბლე ჰქონდა, რომ ის ისევე მიიღო, როგორც ნეტარი აბბა სერიდი და უთხრა: „დამლოცე აბბა!“, ის კი უხმოდ იდგა და ვერ ბედავდა მისთვის ლოცვას; როდესაც ბერმა თხოვნა გაუმეორა, მაშინ, რომ არ შეპასუხებოდა, ილოცა და, როდესაც უბრძანეს, დაჯდა. ბერმა მიუგო: ძმაო! ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე წმინდა ბერმა გვაუწყა შენზე, რომ მონაზონი და საცხოვრებლის იღუმენი გახდებოდი, და აი, ახლა ეს ღვთის კეთილი ნებით აღსრულდა. მაშ, ყურადღებით იყავი! დაე, შენი გული უფლის მიერ განმტკიცდეს (1 მეფ. 2, 1), რომელიც გაგაძლიერებს, ამინ.
    582. ჩემო მამაო, შემინდე კადნიერება და ამიხსენი: უფროსმა ძმებმა, რომლებიც აწ გარდაცვლილი აბბას საქმის გამგრძელებლად იყვნენ დადგენილნი, მონასტრის მართვაზე რატომ თქვეს უარი? თქვენ რატომ დაუშვით ეს, როცა იცოდით რომ თვით წესრიგი მოუწოდებდა მათ ამისკენ, და არც სათნოება და მორჩილება აკლდათ მათ ამისთვის; ხოლო მე უღირსს, რომელსაც მონაზვნური საქმეები საერთოდ არ გამაჩნია და ეს საქმე, რომელიც მათ უფრო შეეფერებოდათ, მე დამავალეთ.
ძმებმა დიდი სიმდაბლის გამო თქვეს უარი, რამეთუ აბბას ანდერძის საფუძველზე, ჰქონდათ რა ღვთისნიერი გამგებლობის უფლება, მათ ეს თავის თავზე არ აიღეს, არამედ მორჩილება უფრო შეიყვარეს და აგირჩიეს შენ, მემკვიდრეობის და ნიჭების მაძიებელთა სამხილებლად, რომელთაც ვერცხლისმოყვარის ამქვეყნიური სიბრძნე აქვთ და ზეციურ სამეფოს მიწიერს ამჯობინებენ. ჩვენ კი, გავიხარეთ რა მათი სიმდაბლით, მათი უარი დავუშვით, ხოლო შენზე ვიმსჯელეთ და ამ საქმეში ღვთის მოწოდების გამო აგირჩიეთ, რომელიც ყველაფერს თავის მჭვრეტელობით თითოეულის სარგებლისთვის აგვარებს. არ იფიქრო, რომ ეს მათი ურჩობის გამო მოხდა, რამეთუ, როდესაც მოსემ ღვთისაგან ერის მართვაზე ბრძანება მიიღო, თქვა: „ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“ (გამ. 4, 10), და ღმერთმა შეუნდო მას, იმიტომ რომ მას ეს შეპასუხების მიზნით არ უთქვამს, არამედ უდიდესი სიმდაბლის გამო თქვა. ასევე მოიქცა იერემია წინასწარმეტყველი, და თქვა: „უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ“ (იერ. 1, 6), და არც მას ჩაეთვალა ეს შეპასუხებაში. ასევე მოიქცა ასისთავი, როდესაც მაცხოვარს უთხრა: „არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“ (მათე 8, 8), და სიმდაბლესთან შერწმულმა მისმა რწმენამ, გაკვირვება გამოიწვია. ნუ იტყვი: „მაშ, ისუ ნავეს ძემ რატომ არ თქვა უარი უხუცესობაზე და მოციქულებმა ქადაგებაზეო? ნუთუ იმიტომ რომ მათ სიმდაბლე არ ჰქონდათ?“ მაგრამ, სად მოიპოვება იმაზე დიდი სიმდაბლე, რომელიც მათ ჰქონდათ. იცოდე, უარის მთქმელებს მორჩილებაც ჰქონდათ, და ვინც მოწოდება მიიღო - მდაბალიც იყო, რამეთუ შეუძლებელია ერთის განცალკევება მეორისაგან, არამედ ყველაფერი ისე ხდება, რომ ჩვენი ბრძნობისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება აღსრულდეს და მრავალნაირად წარმოჩნდეს წმინდანთა სათნოებები. მაშ, გრწამდეს, ყველაფერი, რაც ღვთის ნებას ეთანხმება, კარგია და მეტი აღარ იცნობისმოყვარეო. დაე, უფალმა წმინდანთა ლოცვებით შეგაგონოს და საცნაური თვალები გაგინათოს, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები