ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღვთის განგება, ღვთის ნება
605. საცხოვრებლის ზოგიერთმა ბერმა იმავე ბერს ჰკითხა: მეუფეო, გთხოვთ გვიპასუხო, თქვენ გვითხარით, რომ თქვენს შემდეგ უფალ ღმერთს ნეტარი აბბას (სერიდის) დატოვებაზე ევედრებოდით, მაგრამ ღმერთმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს მის მოშიშთა ნებას, პირიქით თქვენზე ადრე აბბა წაიყვანა. რატომ მოხდა ეს? ასევე აგვიხსენი, რატომ უმალავს ღმერთი წმინდანებს ზოგჯერ თავის საქმეებს? როგორც ეს წინასწარმეტყველ ელისეს დროს მოხდა. და აბბას, აღსასრულის წინ, სხეულზე გაღვივებული ნაკვერჩხლების მსგავსი, ცეცხლოვანი წყლულები რატომ გაუჩნდა?
როგორც ერთ დროს აბბა ანტონის უთხრეს: „ეს ღვთის განგებაა და შენ მას ვერ ჩასწვდები“, ასევე უნდა გავიაზროთ ესაც. რაც შეეხება ნაკვერჩხლის მსგავს წყლულებს, რომელსაც ბერძნულად „ანფრაკიას“ ვუწოდებთ და აბბას გარდაცვალებას, მან ისეთი დიდება დაიმსახურა ადამაინებისა და ღვთისაგან, რომ საზომს გადააჭარბა. მაგრამ ის ადამიანებს რომ არ განეღმრთოთ (რამეთუ ის ჭეშმარიტად სულიწმიდის და სრულყოფილების თანამოზიარე იყო), ღმერთმა ასეთი გზით ადამიანური დიდება ჩააქრო, რათა ღვთის დიდება სრულად გამრავლებულიყო. ამ საზომს მიღწეულს, კვლავ მიწიერ ნივთებზე ზრუნვა აღარ შეეძლო და, იყო რა ადამიანებს შორის, ვერც მათგან გათავისუფლებას ახერხებდა და ამიტომაც წაიყვანა ის ღმერთმა. რაც შეგვეხება ჩვენ, მოველოდით, რომ ისე მოხდებოდა, როგორც გვეგონა; მაგრამ მოხდა ის, რაც ღმერთმა ინება, რომელიც ცხონების განჭვრეტით ჩვენს აზრებს აღემატება. მაგრამ, ადამიანმა მიუწვდომელი არ უნდა გამოიძიოს, არამედ ყოველი აზრი და ყოველი კეთილი საქმე მასზე უნდა დაამყაროს, ვისაც ხელმწიფება აქვს, რომ ჰყოს თავის ნებისაებრ. დაე, გულები გაგიმაგროთ უფალმა იესო ქრისტემ, რათა ყოველგვარი ორგულობა და ეშმაკის ბოროტება უკუაგდოთ. ვლოცულობ, რათა იმარჯვოთ უფლის მიერ, ამინ. ჩემთვისაც ილოცეთ, იქნებ მეც წყალობა მივიღო და ცრუ ბრძნობისა და უგუნურებისაგან თავი დავიცვა ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.