ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ქველმოქმედება
635. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ერთ ადამიანს, რომელსაც ის სანდო ადამიანად თვლიდა, გლახაკთათვის დასარიგებლად შესაწირი მისცა და უთხრა: „მიიღე ეს და ღმერთს გასცემ ამისთვის პასუხს“. მაგრამ მან ვერ გაიგო, რომ ქველმოქმედმა ამით მას მძიმე პასუხისმგებლობა დააკისრა. მან იფიქრა, რომ რადგანაც საკუთარ თავზე აიღო მოწყალების დარიგება, ის უკვე ისედაც პასუხისმგებელი იყო ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, ეტყოდა თუ არა ამას ძმა. ხოლო როდესაც ამის თაობაზე იმავე ბერს (იოანეს) ჰკითხა, მან უპასუხა:
მოტყუვდა ის, ვინც ეს საკუთარ თავზე აიღო, იმიტომ, რომ მან კადნიერად წარმოიდგინა თავი იმ მდგომარეობაში, თითქოს ყოველი საქმისთვის შეუძლია ღვთისათვის პასუხის გაცემა, დაავიწყდა რა ნათქვამი: „ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმინდეო?“ (იგავ. 20, 9). ეს სრულყოფილ მამათა საქმეა. მას უნდა ეთქვა ქველმოქმედისთვის: „იმ პირობით, რომ ღმერთს პასუხს გავცემ, მე ამას ვერ ავიღებ, რადგანაც ცოდვილი ადამიანი ვარ; მაგრამ შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემი ძალებისაებრ. ღმერთი კი დამეხმარება, რათა საქმე მისი ნებისაებრ აღსრულდეს“. მას რომ ასე ეთქვა, ეს სიმდაბლეში ჩაეთვლებოდა და ღმერთიც არ განსჯიდა იმის გამო, რაც მის ძალებს აღემატება. ხოლო, როდესაც მან საკუთარ თავზე ღვთისათვის პასუხის გაცემა თავდაჯერებულობით აიღო, ღმერთი მას ამისთვის მთელი სიმკაცრით მოსთხოვს პასუხს. თუმცა, ვინც აძლევდა, იმასაც არ უნდა მოეთხოვა ძმისგან ასეთი პირობა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ მას სარწმუნო ადამიანად თვლიდა, დაუკვირვებლობით, ეჭვი შეიტანა მასში. ხოლო, თუ ერწმუნა, მაშინ ეს საქმე ღვთისთვის უნდა მიენდო და არ დაეჭვებულიყო ამ ადამიანში, ვინაიდან ვინც დაეჭვებულია, მას არ შეუძლია რწმუნება.