ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ამაოდმეტყველება
650. იგივე ძმა ხედავდა რომ აბბა მომსვლელ ძმებს წმინდა ბერის საკვირველ საქმეებს უყვებოდა. ამის თაობაზე მან მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. გაიგო რა მისგან, თუ რა განზრახვით აკეთებდა ამას აბბა, დამშვიდდა.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს.
651. იგივე ძმამ, იმავე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო, რას ნიშნავს, როდესაც აბბა ზოგჯერ ბერების სათნოებებზე საუბრობს, მე მანუგეშებს მისი სიტყვები, ვითარცა დამრიგებლური, ხოლო ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ისინი დამრიგებლური არაა და, პირიქით, მსმენელებს აბრკოლებს, იმიტომ რომ აბბა თავად აქებს თავის მამებს, და ვწუხვარ ამაზე. სხვა მამების გამოც ვშფოთავ და ვფიქრობ, რომ მათი სიტყვები ამაოა. ამიტომ, გთხოვ ჩემო მამაო, ამიხსენი ეს და ილოცე, რათა თავი დავაღწიო ამ ბოროტ აზრს.
ძმაო! დაე, ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ მოისმინო, გაიაზრო და საქმით აღასრულო ის, რასაც გეუბნებიან. შენ რაზეც მწერდი, თავის მართლება და განკითხვა დევს მასში. თავის მართლება იმიტომ, რომ შენ მსგავსი მონათხრობების მოსმენის ღირსად მიგაჩნია თავი; განკითხვა კი იმიტომ, რომ შენ ამბობ: „რატომ ჰყვება ამას აბბა?“ და არ გახსენდება, რომ „სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (იოანე 3, 8). აბბა, თუ შეძლება მიპასუხე, რატომ უკრძალავდა უფალი ზოგიერთ განკურნებულს ვინმესთან ლაპარაკს, ხოლო რომელიღაცას უთხრა: „წარვედ და უჩუენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე შესაწირავი შენი“ (მათე 8, 4). შენი განწმედისათვის, და კიდევ: „საწამებელად მათა“ (მათე 8, 4), და კიდევ: „უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა“ (მარკ. 5, 19). ვინც აბბას ლაპარაკს ღვთის შიშით ისმენს, ის სარგებელს იღებს, ხოლო ვინც მას რწმენით არ უსმენს, განიკითხება; მაგრამ შენ ჯერ ვერ იმსჯელებ ასეთ საკითხზე, იმიტომ, რომ შენი გული ცვალებადია. მოციქული ამბობს: „ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდილად, და სულად ცხორებითი ცხორებად. და ამის მიმართ ვინმე შემძლებელ არს? რამეთუ არა ვართ, ვითარცა იგი მრავალნი, ვაჭარ სიტყუასა მას ღმრთისასა (2 კორ. 2, 15-17). რადგან შენ ბერმა მასზე საუბარი აგიკრძალა, ხოლო აბბასთვის არ აუკრძალავს, ამიტომ ეჭვი კი არ უნდა შეიტანო ბერის ნათქვამში, არამედ უნდა დაუშვა, რომ არსებობს ამის რაღაც განსაკუთრებული მიზეზი, გულით უნდა დამდაბლდე და თქვა: „ბერმა ჩემი უღირსების გამო ამიკრძალა ეს, მას კი (აბბას), როგორც ღირსეულს, მსმენელთა სარგებლისათვის ნება დართო“. მაშ დავუკვირდეთ, ყოველმხრივ როგორ გვამდაბლებს ბერი, რათა საკუთარ თავს ვუსაყვედუროთ და უღირსად მივიჩნიოთ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ქედის მოხრა. ამგვარად, დავმდაბლდეთ და ღმერთი თავის საიდუმლოებებს გაგვიცხადებს, რათა, სადაც საჭირაოა, ვისაუბროთ, ხოლო სადაც საჭირო არაა ყოველთვის დავდუმდეთ, რომ ერთიც და მეორეც ჩვენს და ჩვენი მსმენელების სარგებელს მოემსახუროს. ჩვენ მოსაუბრენი არ უნდა განვიკითხოთ და დავამციროთ, რათა დარიგების ნაცვლად მსჯავრი არ გვეწიოს. ვინაიდან, ჩვენ თუ ჩვენს ზრახვას ვკითხავთ: ვიცით თუ არა, რა ალაპარაკებს მოსაუბრეს (მასში მოქმედი სული თუ არა), მაშინ აღმოვაჩენთ, რომ საერთოდ არ ვიცით ეს. ვინაიდან ბოროტი ბოროტად ფიქრობს, ხოლო კეთილი კეთილად, ამიტომ ბოროტად კი არა, კეთილად ვიფიქროთ, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.