ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: გარდაცვალება
788. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩემს ყრმას ცოფიანმა ძაღლმა უკბინა, მითხარი მოკვდება თუ გადარჩება? ზოგიერთები ამბობენ, ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ადამიანი ორმოც დღემდე კვდებაო.
ნუ შიშობ, მას არანაირი ბოროტება არ შეემთხვევა. მაგრამ უმჯობესია გაიაზრო, რა წერია: „ერთიცა მათგანი არა დავარდების ქვეყანასა ზედა, თვინიერ მამისა თქუენისა“ (მათე 10, 29).
789. ეს რომ მოისმინა, მას ეგონა, რომ მისი ყრმა არ მოკვდებოდა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ის გარდაიცვალა. ხოლო რადგან იმ ბატონს ბერისადმი დიდი რწმენა ჰქონდა და იცოდა, რომ ის არ იცრუებდა, ამიტომ არ სჯეროდა ყრმის სიკვდილი და გაკვირვებული იყო. მივიდა ბერთან და ჰკითხა: ჩვენ ეჭვი გვეპარება, ის ყრმა მოკვდა თუ ცოცხალია. შენ რას იტყვი ჩემო მამაო?
გარდაიცვალა.
790. კი მაგრამ, შენ რატომ გვითხარი, მას არანაირი ბოროტება არ შეემთხვევაო?
შენ თვლიდი, რომ მას ძაღლის ნაკბენი აუცილებლად მოკლავდა, ამიტომ რადგან მე მსურდა მეჩვენებინა, რომ ეს სიმართლე არაა, ვთქვი, მას არანაირი ბოროტება არ შეემთხვევა-მეთქი, რადგან ღვთისგან გამოგზავნილი სიკვდილი, სინამდვილეში თავის თავში არანაირ ბოროტებას არ შეიცავს. მაგრამ შენს საჩვენებლად, რომ ის ღვთისაგან გამოგზავნილი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო, მე დავამატე, ჩიტიც არ დავარდება ქვეყანაზე ჩვენი მამის გარეშე-მეთქი, რამეთუ შეუძლებელია ღვთის ბრძანების გარეშე სიკვდილი, ვინმე თუნდაც ათასმა შხამიანმა ცხოველმა რომ დაკბინოს.
791. რატომ მომეცით ასეთი ბუნდოვანი პასუხი?
ნუ გიკვირს, იმიტომ რომ ასეთ საკითხებზე ღია ლაპარაკი ყოველთვის არ შეიძლება, ვინაიდან მათ მსმენელისათვის ზიანი უფრო მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. განა შენ არ იცი, თავის ადამიანობა რომ ეჩვენებინა, მაცხოვარი დამამდაბლებელ სიტყვებს იყენებდა და ამბობდა: „სადა დასდევით იგი?” (ლაზარე) (იოანე 11, 34) და “რაოდენი პური გაქუს?” (მათე 15, 34) და “ვინ შემახო მე?” (მარკ. 5, 31), რითაც თავის წმინდანებსაც ასწავლა, რომ ყოველთვის არ გამოიყენონ ამაღლებული სიტყვები. ამიტომაც გვპასუხობენ ისინი ასე, რომ პასუხი თავად მათთვისაც სასარგებლო იყოს. თუ ზოგიერთები ბრკოლდებიან, დაე მოციქულ პავლეს მოუსმინონ, რომელიც ამბობს: “ქრისტეს სულნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხორებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკუდილითი სიკუდიდ, და რომელთამე სულად ცხორებითი ცხორებად” (2 კორ. 2, 15). ამრიგად, ასეთი პასუხები მართლებს იმაში უწყობენ ხელს, რომ გაიაზრონ ის და სარგებელი მიიღონ; ურწმუნოებს კი იმაში, რომ ჩვენ დაგვამცირონ და ჩვენც სარგებელი მივიღოთ მათგან.