თემა: კამათი,  წყენა


ქვის ქანდაკება.

ეს იმ დროს მოხდა, როცა უდაბნო ბარბაროსებმა დალაშქრეს. მაზიკების ტომმა მონასტერი ააოხრა. ზოგიერთმა ბერმა თავის დაღწევა მაინც მოახერხა და უსაფრთხო ადგილის ძიებაში მრავალი დღე და ღამე უდაბნოში დახეტიალობდა. ბოლოს მათ მიაგნეს ერთ ადგილს, სახელად ტარენუფს, სადაც უძველესი ტაძარი შემორჩენილიყო და იქ ღამის გასათევად დაბანაკდნენ.
    საღამოს ბერები კოცონს მიუსხდნენ და ამბა ანუბის, რომელიც ასაკით ყველაზე უფროსი იყო, დაეკითხნენ, რა ეღონათ და როგორ უნდა ეცხოვრათ მომავალში.
    -უდაბნო დიდია, სადმე ვიპოვით მუდმივ თავშესაფარს! - ბრძანა ამბამ.
    -პირველ ხანებში ჩვენ ცალკე სენაკები არ გვექნება და ცხოვრება ერთად, ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს. მოდი, ასე მოვიქცეთ: აქ ერთი კვირა დავყოთ და მდუმარება დავიცვათ. ხოლო როცა შემდეგ შაბათს კვლავ შევიყრებით, მაშინ მიიღებთ ჩემგან დარიგებას, რომელსაც ითხოვთ.
    ბერები დათანხმდნენ და უძველესი ტაძრის ნანგრევებში დაიდეს ბინა. მხოლოდ ნატაძრალზე დაბუდებული ფრინველების ხმა და კენჭების ჩხარუნი არღვევდა ადამიანების მიერ დიდი ხნის წინ მიტოვებულ ამ ადგილის სიმყუდროვეს. მამები მდუმარებას იცავდნენ.
    მაგრამ თავად ამბა ანუბი უცნაურად იქცეოდა. ყოველ დილას ის იქვე მდგომ ქვის ქანდაკებას სახეში კენჭებს ესროდა, ხოლო როცა მოსაღამოვდებოდა, ქანდაკებას მიეახლებოდა, მუხლს იყრიდა და შენდობას სთხოვდა. ასე იქცეოდა იგი მთელი კვირის განმავლობაში.
    როცა ერთი კვირის თავზე ბერები კვლავ შეიყარნენ, პირველ რიგში ამბა ანუბის სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს:
    -რას აკეთებდი, მამაო, ვხედავდით, როგორ ესროდი ყოველდღე ქვებს ქანდაკებას, საღამოობით კი მას რატომღაც თაყვანს სცემდი. ნუთუ ასე უნდა იქცეოდეს მართლმორწმუნე ბერი?!
    -ჩემი ქმედებით დარიგება მოგეცით, - განმარტა ამბა ანუბიმ, - აბა, მითხარით, როცა ქანდაკებას ქვებს ვესროდი, ის რამეს ამბობდა ან მიწყრებოდა?
    -არა, ამბა...
    -და როცა მუხლს ვიყრიდი მის წინაშე და შენდობას ვთხოვდი, ხომ არ იძროდა ადგილიდან? ან იქნებ, მპასუხობდა: არასოდეს მოგიტევებო?
    -ამგვარი არაფერი გვიხილავს და არც მოგვისმენია... - ექოდ გაიჟღერა ბერების ხმამ ნატაძრალზე.
    მაშინ ამბამ თქვა:
    -ჩვენ აქ შვიდი ბერი ვართ. თუ ამ ქანდაკებას ვემსგავსებით, რომელიც თანაბარი სიმშვიდით იტანს წყენასაც და პატივსაც, - ნებისმიერ ადგილას კარგად ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სჯობს, ახლავე ოთხოვ კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით წავიდეთ და ურთიერთს განვეშოროთ...
    მას შემდეგ ეს ბერები ახალ მონასტერში ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთში კამათი არასოდეს მოსვლიათ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები