თემა: ღვთის განგება


უფლის ხვედრის შეუცნობლობის შესახებ.

ერთი მოკრძალებული, ქველმოქმედი და ღვთისმოსავი განდეგილი დღედაღამ ლოცულობდა ღვთის წინაშე, რათა მისთვის გონება გაენათებინა და ზეციური ჩანაფიქრის ხვედრი შეეტყო; მაგრამ უფალმა მისი ლოცვა არ შეისმინა. მეუდაბნოემ თავი ჩათვალა ცოდვილად, რომელიც ზეციური გამოცხადების ღირსი არ იყო; მან გადაწყვიტა, უხუცეს ბერთან წასულიყო, რომელიც საკმაოდ შორს ცხოვრობდა და მისგან შეეტყო ის, რითაც მისი გონება გამუდმებით იყო დაკავებული. მან საგზალი წაიღო და გზას გაუდგა.
    უეცრად შაოსანი ბერი შემოხვდა და ჰკითხა:
    -საით გაგიწევია, მონავ ღვთისა?
    -ამა და ამ ბერთან, - მიუგო მეუდაბნოემ.
    -მეც იქ მივდივარ, - მიუგო შაოსანმა.
    თანამგზავრებმა ერთმანეთის ნახვით გაიხარეს და გზას გაუდგნენ.
    მოსაღამოვებულზე მგზავრები ერთ მდიდარ ადამიანთან გაჩერდნენ, რომელმაც გულითადი სიხარულით მიიღო ისინი და ვახშამი ვერცხლის ჭურჭლით მიართვა... როგორც კი ისინი სუფრიდან ადგნენ, შაოსანმა ერთი თეფში აიღო, სახლიდან გავიდა და იქვე ჩამოდინებულ მდინარეში გადააგდო. მასპინძელს სიტყვაც არ უთქვამს, მეუდაბნოემ კი აღარ იცოდა, რა ეფიქრა.
    დილით მგზავრებმა გზა განაგრძეს და საღამოს მიადგნენ მეორე მასპინძელს, რომელმაც მათ ყოველგვარი პატივი მიაგო. და როგორ მოიქცა შაოსანი? დილით, როდესაც მასპინძლობისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, სახლის პატრონმა მათთან ერთადერთი ვაჟიშვილი შეიყვანა და დალოცვა სთხოვა. უეცრად შაოსანმა ბერმა მას ყელში ხელი წაუჭირა და დაახრჩო. მეუდაბნოე შეძრწუნდა, დაყვირება უნდოდა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. მამამ კი მხოლოდ ეს თქვა:
    -იყოს ნება შენი, უფალო!
    ამრიგად, მგზავრებმა გზა განაგრძეს, მაგრამ მესამე საღამოს ვეღარავინ ნახეს, ვინც მათ შეიფარებდა და მოასვენებდა. ამიტომაც ერთ ძველ, ცარიელ სახლში შევიდნენ და ღამე იქ გაათიეს. წასვლის წინ შაოსანმა სახლის დანგრევა დაიწყო, ხოლო როდესაც საფუძვლამდე დაანგრია, მისი ხელახლა აშენება დაიწყო. მეუდაბნოემ მოთმინება დაკარგა და წამოიძახა:
    -გაფიცებ, მითხარი: ანგელოზი ხარ თუ ეშმაკი? შენი საქმეები ჩემთვის მიუწვდომელია.
    -განა რა ჩავიდინე? - შეეპასუხა შაოსანი.
    -მესამე დღეა, - მიუგო მეუდაბნოემ, - უცნაურად იქცევი: ღვთივსათნო და ქველმოქმედი მასპინძლის ვერცხლის თქფში წყალში გადააგდე; გუშინ ალერსიანი მასპინძლის ვაჟიშვილი დაახრჩე; დღეს კი უმიზეზოდ დაანგრიე სახლი და ხელახლა დაიწყე მისი აშენება, თვითონაც არ იცი, ვისთვის.
    -ნუ გაიკვირვებ და ჩემი საქციელების განსჯით ნუ ცდუნდები, არამედ მომისმინე, რას გეტყვი... პირველი მასპინძელი სავსებით ღვთივსათნო ადამიანია, მაგრამ ჩემს მიერ წყალში გადაგდებული თეფში მან უსამართლოდ მოიპოვა: იცოდე, რომ მე, მისი ალერსიანობის მიუხედავად მასპინძლობისთვის მადლიერების ნიშნად, გავანადგურე ეს ნივთი, რათა ამ უსარგებლო საგნის მეშვეობით კეთილმა ადამიანმა ზეცაში ჯილდო არ დაკარგოს. მეორე უცხოთ შემწყნარებელიც ღვთისმოშიშია; მაგრამ მისი მცირეწლოვანი შვილი სრულწლოვანი ასაკის მიღწევისას ავაზაკი და კაცობრიობის შემარცხვენელი გახდებოდა, ამით კი მამას შეარცხვენდა და სასირცხვილო დარდს მოუტანდა; უფრო მეტიც, მაშინ საბრალო მამა შვილის გამო საშინელ სამსჯავროზე შვილის გამო პასუხს აგებდა. ასე რომ, იცოდე, მე მამის სათნოების წყალობით შვილი მოვაკვდინე.
    -მაგრამ აქ, უდაბურ ადგილას, - შეეწინააღმდეგა მეუდაბნოე, - რატომ დაანგრიე სახლი და მისი ხელახლა აშენება დაიწყე?
    ნურც ამ შემთხვევაში ცდუნდები, - უპასუხა მეუდაბნოემ, - ამ სახლის პატრონი მტაცებელი და კაცისმკვლელი იყო, მაგრამ მან გააღატაკა და მიატოვა თავისი სახლი; მისმა ბაბუამ სახლის აშენებისას კედელში ოქრო დამალა: სახლი იმიტომ დავანგრიე, რომ ვინმეს საგანძურის ძიებაში სული არ წაეწყმიდა. ასე რომ, დაბრუნდი, კეთილო ბერო, შენს სენაკში და ამიერიდან ღვთის ნების გამოცდის ამაო შრომას ნუღარ იტვირთებ: თვით სული წმიდა ბრძანებს, რომ მისი სიღრმეები ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია. მათ შეტყობას ამაოდ ნუ ეცდები, რამეთუ მასში არანაირი სარგებელი არ არის, - უთხრა ეს და შავკაბოსანი უხილავი შეიქნა. ბერი შეძრწუნდა. მიხვდა, რომ ეს მეუდაბნოე ანგელოზი იყო, რომელიც უფალმა მაცხოვნებელი გაკვეთილის მისაცემად და საკუთარი უგუნურების სინანულისთვის გამოუგზავნა; მაშინ მან უფალს აღუთქვა, რომ ღვთის ნებას აღარასდროს გამოსცდიდა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები