თემა: აღზრდა


მეფე-მამა.

ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე ღირსი არსენი დიდი, როგორც ბრძენი და ღვთისმოსავი ადამიანი, მეფე თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში იხმო და არკადისა და ონორეს მასწავლებლად დაადგინა. ღირსი მამა ბუნებით მოკრძალებული იყო და პატივს მიაგებდა მათ, როგორც მეფის შვილებს. იგი მათ გაკვეთილებს ყოველთვის ფეხზე მდგომი უხსნიდა, მაშინ, როდესაც მოწაფეები რბილ და მდიდრულ სავარძლებში ისხდნენ. ერთხელ თეოდოსი მათთან მოულოდნელად მივიდა. როდესაც დაინახა, რომ არკადი და ონორე ისხდნენ, ხოლო არსენი მათ წინაშე ფეხზე იდგა, იგი გაბრაზდა და უთხრა მათ:
    -განა ასე დაგარიგე? განა თავიდანვე არ გითხარი, რომ შენ, როგორც მეორე მამას, საკუთარ შვილებად მიგეღო ისინი და არა მეფის შვილებად?
    -ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, - მოკრძალებით უპასუხა არსენი დიდმა, - ყმაწვილებმა უნდა ისწავლონ, მეფის წულებს კი სამეფო პატივი ეკუთვნით...
    თეოდოსი კიდევ უფრო უკმაყოფილო დარჩა ღირსი არსენის პასუხით, დაუყოვნებლივ მოხსნა ბავშვებს სამეფო ნიშნები, მასწავლებლის სურვილის წინააღმდეგ დასვა იგი, ხოლო მოსწავლეებს უბრძანა, მის წინაშე ფეხზე მდგარიყვნენ...
    -თუ ღვთის შიშს ისწავლიან, - თქვა მან გასვლისას, - და ხალხზე მეუფეების ღირსნი გახდებიან, მაშინ ზეციური ჩანაფიქრი უბოძებს მათ მიწიერ მეფობას; ხოლო თუ ამპარტავანნი და ბოროტნი გაიზრდებიან, მაშინ უმჯობესია, სულ არ იმეფონ, ვიდრე უგუნური მეფენი იყვნენ. ვევედრები ღმერთს, რომ უმჯობესია, ჩემი შვილები ყრმობაშივე გარდაიცვალნონ, ვიდრე საკუთარი სულის დასაღუპავად და ხალხის საუბედუროდ გაიზარდონ.
    ღირსმა არსენიმ გულში დალოცა თეოდოსი და იმ დროიდან გაკვეთილების დროს იჯდა, მეფის წულები კი მის წინაშე იდგნენ.
    უეჭველია, საკუთარი შვილებისთვის სიკეთე არ სურს იმ მამას, რომელიც თუნდაც სულ მცირეოდენ საბაბს აძლევს მათ, რათა საკუთარი სიმდიდრითა და განთქმულებით იამაყონ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები