image

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა


წმ. მამათა კითხვისათვის

ახლობლებთან საუბარი და ურთიერთობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანზე: მეცნიერთან ურთიერთობა ათასგვარ ახალ ინფორმაციას აწვდის, პოეტთან - ამაღლებულ აზრებს და გრძნობებს, მოგზაურთან - უამრავ ცნობას სხვადასხვა ქვეყანაზე, მათ მკვიდრთა ჩვევებსა და ხასიათებზე. აქედან ცხადია, რომ წმიდა ადამიანებთან შეხვედრა და მათთან საუბარი ჩვენც სიწმიდეს გვაზიარებს: „წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო, და რჩეულისა თანა რჩეულ იყო და დრკუისა მისგან განეშორო“ (ფსალმ. 17, 26-27).
    ამიერიდან ხანმოკლე ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე, რომელსაც წმ. წერილი არც კი უწოდებს ამ სახელს - ცხოვრებას, არამედ „მწირობა“ (მოგზაურობას) არქმევს, წმიდანებთან ნაცნობობას ესწრაფე. გინდა, რომ ზეცაში მათი დასის წევრი გახდე, გინდა, მათი ნეტარება გაიზიარო? მაშ, აქედანვე ეცადე მათთან ერთობის დამყარებას; და როდესაც სხეულს გაეყრები, ისინი ისე მიგიღებენ, როგორც ძველ ნაცნობს, როგორც მეგობარს (ლკ. 16,9).
    არ არსებობს უფრო ახლო ნაცნობობა, უფრო მჭიდრო კავშირი, ვიდრე აზრთა ერთიანობა, გრძნობათა ერთიანობა, მიზნების ერთიანობა.
    სადაც აზრთა თანხმობაა, იქ აუცილებლად ერთსულოვნებაც არის, იქვე ერთი მიზანიც და ამ მიზნის მიღწევაში ერთნაირი წარმატებაც.
    წმ. მამათა ნაწერების კითხვით შეითვისე მათი აზრები და სულისკვეთება. წმ. მამებმა მიაღწიეს მიზანს - ცხონებას. შენც მიაღწიე იმავე მიზანს მოვლენათა ბუნებრივი განვითარებით: ცხონდები, როგორც წმ. მამათა თანამოაზრე და მათთან ერთსულოვანი.
    ზეცამ მიიღო თავის ნეტარ წიაღში წმ. მამები - ამით დაამოწმა, რომ მათი აზრები, გრძნობები და საქმეები ღმერთს სათნო-ეყო.
    წმ. მამებმა საკუთარი აზრები, გული, მოქმედება თავიანთ ნაწერებში გადმოსცეს. ესე იგი, რა სარწმუნო წინამძღვარნი (თანაც ზეგარდმო დამოწმებული წინამძღვარნი) ყოფილან ზეცისაკენ მიმავალ გზაზე მამათა ნაწერები!
    წმ. მამათა ყოველი თხზულება სული წმიდის კარნახით არის დაწერილი. რა საოცარი თანხმობაა მათ შორის! და ის, ვინც მამათა ნაწერებით ხელმძღვანელობს, უეჭველია, თვით სული წმიდით ხელმძღვანელობს.
    დედამიწის ყველა მდინარე ოკეანეს ერთვის; შესაძლოა, ოკეანე იყოს ამ წყლების სათავეც. ასევე ერთდებიან მამათა ნაწერებიც სახარებაში - ყოველი მათგანი იმას ცდილობს, რომ გვასწავლოს უფალ იესო ქრისტეს მცნებათა ზუსტი შესრულება. ყველა მათგანის დასაბამი და დასასრული ერთია - წმ. სახარება.
    წმ. მამები გვასწავლიან, როგორ მივეახლოთ სახარებას, როგორ ვიკითხოთ იგი, სწორად როგორ გავიგოთ; გვიხსნიან, რა შეეწევა და რა აბრკოლებს მის გაგებას. ამიტომ თავიდან წმ. მამების კითხვას გირჩევ, ხოლო როდესაც ისინი სახარების კითხვას გასწავლიან, მერე უკვე ძირითადად სახარება იკითხე.
    ნუ იფიქრებ, რომ შენთვის მხოლოდ სახარების კითხვა კმარა - წმ. მამათა დაუხმარებლად. ესაა სახიფათო, ამპარტავნული აზრი. უმჯობესია წმ. მამებმა მიგიყვანოს სახარებამდე, როგორც საყვარელი შვილი, რომელიც წინასწარ მათგან მიიღებს სწავლა-განათლებას.
    მრავალი - ყველა, ვინც განუსჯელად და ქედმაღლურად უარყო წმ. მამები, ვინც ბრმა კადნიერებით, უწმიდური გულითა და გონებით პირდაპირ სახარების კითხვას მიჰყო ხელი, დამღუპველ ცდომილებაში ჩავარდა. ასეთები უარყო სახარებამ - ის მხოლოდ მდაბალთა უღებს კარს.
    წმ. მამათა კითხვა არის მშობელი და მეუფე ყველა სათნოებისა. მათგან ვსწავლობთ წმ. წერილის ჭეშმარიტ გულისხმისყოფას, მართალ სარწმუნოებას, სახარების მცნებებით ცხოვრებას, ამ მცნებების ღრმა პატივისცემას - ერთი სიტყვით, ცხონებას და ქრისტიანულ სრულყოფილებას. მამათა ნაწერების კითხვა, სული წმიდით მოსილი მამების უკიდურესი შემცირების გამო, გახდა უმთავრესი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც ცხონება სურს - მეტიც, ვინც ქრისტიანული სრულყოფის მიღწევას ესწრაფვის.
    წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.
    „წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.
    წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა განარიდოს მაცხოვნებელ საქმეს; ებრძვის მას მოწყინებით, მობეზრებით, დავიწყებით. სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ ებრძვის და როგორ სძულს ბოროტს წმ. მამათა კითხვა, უნდა მივხვდეთ, თუ რა მხსნელი იარაღია ჩვენთვის მათი ნაწერები - ამიტომაც ცდილობს ეშმაკი ასე გამძვინვარებით, რომ გამოგვტაცოს იგი.
    ყოველმა ადამიანმა ის წმ. მამები უნდა აირჩიოს, რომელთა ნაწერებიც მისი ცხოვრების წესს შეეფერება. დაყუდებულმა, დაე, მდუმარეთათვის განკუთვნილი წიგნები იკითხოს, ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წევრმა - ასეთი მონასტრებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი - იმ წმ. მამებისა, ვინც თავისი დარიგებებით საერთოდ მთელ საქრისტიანოს მიმართავდა. ყოველი კაცი, რომელ ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, მამათა ნაწერებში სწავლებათა უხვ წყაროს ჰყოვებს.
    მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმიდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმეები, რომლებიც სინამდვილეში შენი ცხოვრების წესს შეეფერება, ხელიდან დაგისხლტება. ამის შედეგად სულ ცოტა, უნაყოფო მეოცნებედ იქცევი, თანაც შენი აზრები მუდმივ დაპირისპირებაში აღმოჩნდებიან შენსავე ქცევასთან; ეს უსათუოდ დაბადებს შენს გულში შფოთს, საქციელში კი გაურკვევლობას, რომელიც მავნე და საზიანო აღმოჩნდება შენთვისაც და შენი ახლობლებისთვისაც. წმ. წერილისა და წმ. მამების არასწორი კითხვისას ადვილი შესაძლებელია ცხონების გზიდან უვალი ტყეებისა და ღრმა უფსკრულებისაკენ გადახვევა, რაც ძალიან ბევრს დამართნია. ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები