image

თემა: შობა,  ქრისტიანობა,  ღვთისათვის თავგანწირვა


წინათქმა

იცით, ამ წიგნში ვის და რის შესახებ გვინდა გიამბოთ? - იმ წარმართ იმპერატორთა შესახებ, რომლებმაც, უპირველეს საქმედ, ქრისტიანთა დევნა-წამება გაიხადეს.
    ქრისტიანთა დევნა იესუ ქრისტეს დაბადებიდანვე დაიწყო. იესუს შობამ ზეციური სამყარო შეძრა - მისი შობის ადგილს ბრწყინვალე ვარსკვლავი დაადგა, ანგელოზებმა, უფლის შობა, უბრალო ადამიანებს - მწყემსებს ახარეს.
    დიახ! ანგელოზთა დასი გალობდა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება (ლუკა, 2, 9, 14)".
    ანგელოზთა და მწყემსთა სიხარული მიუღებელი აღმოჩნდა ხალხისთვის საძულველი, რომაელთა მიერ დადგენილი მეფის - ჰეროდესათვის. ჰეროდე ხომ სისხლის წვიმებითა და ვერაგობით, უახლოესი ნათესავების დახოცვით დაჯდა სამეფო ტახტზე.
    „იუდეველთა მეფის“ დაბადებამ ჰეროდე შეძრა, რადგან იგი ტახტის მოცილედ ჩათვალა. საშინელი იყო ჰეროდეს ბრძანება: ბეთლემსა და მის შემოგარენში ორი წლისა და მათზე უმცროსი ყოველი ყრმა მოეკლათ.
    ამ საშინელი ბრძანებით 14000 ბავშვი მოაკვდინეს. დარწმუნებული იყო ჰეროდე, რომ მათ რიგში პატარა იესუც იქნებოდა, მაგრამ...
    ხომ გახსოვთ, ღმრთისმშობელმა და იოსებმა, უფლის ანგელოზის გაფრთხილებით, ჩვილი იესუ საფრთხეს როგორ განარიდეს?...
    წმიდა მამები ადამს კაცობრიობის ხორციელ თავს უწოდებენ. კაცობრიობის სულიერი თავი კი იესუ ქრისტე გახლავთ.
    ქრისტიანობა ვრცელდებოდა, მაგრამ ვრცელდებოდა გაუსაძლის პირობებში. იუდეველებისთვის, წარმართებისა და რომაელებისათვის მიუღებელი იყო, თუ როგორი მოწიწებით უსმენდა ხალხი მოციქულთა ქადაგებებს, ქრისტიანულ ეკლესიებში როგორ ერთიანდებოდნენ.
    იერუსალიმის ეკლესია, საიდანაც მოციქულები ქრისტიანობას ქადაგებდნენ, იუდეველებისგან სასტიკად იდევნებოდა, შემდეგ ეს დევნა რომაელებისგანაც გაძლიერდა (საერთოდ, ისტორიაში, ქრისტიანთა ათი დიდი დევნაა ცნობილი).
    ქრისტიანთა რომიდან გაძევების ბრძანება პირველად იმპერატორმა კლავდიუსმა გასცა, მაგრამ ქრისტიანთა უსასტიკესი დევნა ნერონის (54-68 წწ.) იმპერატორობისას დაიწყო.
    ქრისტიანთა სასტიკი დევნა გააგრძელეს: დომიციანემ (81-90 წწ), ტრაიანემ (98-117 წწ), მარკოზ ავრელიუსმა (161-180 წწ), სექტიმე სევერიმ (193-211 წწ), მაქსიმიანემ (235-238 წწ), დეციუს ტრაიანემ (249-251 წწ), ვალერიანიმ (253-260), დიოკლეტიანემ (284-305 წწ), იულიანე განდგომილმა (351-353 წწ).
    პირველი ქრისტიანენი, რომლებიც აწამეს, იყვნენ: მთავარდიაკონი სტეფანე და მოციქული იაკობი (უფლის ხორციელი ძმა).
    ქრისტიანთა საწამებლად სხვადასხვა ხერხს იყენებდნენ: ადუღებულ ზეთში აგდებდნენ, მშიერ მხეცებს უგდებდნენ, დალურსმნულ ჩექმებს აცმევდნენ, ცეცხლს უნთებდნენ, გავარვარებული შანთებით სხეულს უჩხვლეტდნენ, მარწუხებით ხორცს აგლეჯდნენ...
    მაგრამ, ხომ გახსოვთ უფლის სიტყვები:
    "ყოველთა, რომელთა მახვილი აღიღონ, მახვილითა წარწყმდნენ (მათე. 26, 52)".
    ალბათ გაინტერესებთ, მწვალებლებმა სიცოცხლე თავად როგორ დაასრულეს. ისტორიას შემონახული აქვს ზოგიერთი მათგანის ტრაგიკული დასასრული.
    ეს გამოცემა, თქვენს ინტერესს, ამ კუთხით, გარკვეულწილად დააკმაყოფილებს.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები