ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: გმობის ზრახვები
წმიდაო მამაო, როდესაც ჩემში გმობის ზრახვების შემოსვლას ვიგრძნობ, მაგრამ არ შევითვისებ მას, ამ დროს რაიმე ბრალი თუ მედება?
თუ შენ შემოსწყრები და არ მიიღებ ამ გულისისტყვებს, მაშინ უბრალო ხარ.
წმიდაო მამაო, მაშ, როდის არის ადამიანი დამნაშავე გმობის გულისსიტყვებში?!
დამნაშავეა, როდესაც კი არ გაწყრება, რომ ასეთი აზრები აქვს, არამედ გულხელდაკრეფილი დაჯდება და საუბარს დაიწყებს მათთან. და რაც მეტ გმობის აზრებს მიიღებს, მით მეტად გაეხვევა ეშმაკის შფოთში. გმობის აზრების განხილვითა და გონებაში მათთან საუბრით ხომ შენ გარკვეულწილად ეშმაკეულობას ეზიარები.
მაშ, როგორ განვაგდოთ ასეთი ზრახვები?
თუ ადამიანი მასზე შემოსეულ ამგვარ აზრებს შემოსწყრება და საუბარს არ გაუბამს მათ, მაშინ რაკიღა საკვებს ვერ იპოვიან, თვითონვე დაიხევენ უკან. ხე მოურწყველობით ხმება. ხოლო ის, თუნდაც მცირეოდენად დაიწყებს ტკბობას ამგვარი გულისსიტყვებით, საკუთარ თავში საკვებს აძლევს მათ, "რწყავს" "ძველ კაცს". ასეთ შემთხვევაში გულისსიტყვები ადვილად არ "ხმებიან".
მე კი, წმიდაო მამაო, ზოგჯერ ასეთი რამ მემართება: ვიღებ გმობის აზრებს, ვურიგდები მათ, შემდეგ მივხვდები ხოლმე, მაგრამ მათ განდევნას უკვე ვეღარ ვახერხებ.
იცი, რა გემართება შენ?! გარკვეულ ეტაპზე რაღაცაზე გადაერთვები, გონება გაგებნევა და პირდაღებული ბუზების თვლას იწყებ, მაშინ ეშმაკუნა მოგეპარება და დაღებულ პირში კარამელს ჩაგჩრის. შენ მის წუწნას იწყებ, მის გემოს გრძნობ და უკვე გიჭირს გადმოფურთხება. მაშინვე უნდა გადმოაფურთხო, როდესაც "სიტკბოს" მცირედ შეიგრძნობ.
წმიდაო მამაო, თუ მცირე ხნით მივიღებ გმობის გულისსიტყვებს დ შემდეგ მალევე განვდევნი მათ?!
ასეთ შემთხვევაში ეშმაკი გაძლევს შაქარყინულს, შენ მას აფურთხებ, მაგრამ არა - მაშინათვე. გარკვეული ხნის შემდეგ დაუყოვნებლივ გადმოფურთხება უნდა ისწავლო. სხვა შემთხვევაში, შაქარყინულით მოტყუებულს ეშმაკი შემდეგ მწარე ბალახის წვენს შეგასმევს და დაგცინებს კიდეც.