image

თემა: სულიერი ბრძოლა

ღმერთია მოწმე, რომელიც ცრუთ აკვდინებს მათი სიცრუითურთ: უკვე ოცდახუთ წელზე მეტია, რაც გაშმაგებითა და სისხლის დათხევამდე ვებრძვი ეშმაკებს დედამიწაზე. ოკეანის სიღრმეში ჩავეშვი, თავისმოყვარებისა და საკუთარი ნებისაგან განძარცვული, რათა მეპოვა ძვირფასი მარგალიტი. დავაურვე თავად სატანა მთელი მისი ლაშქრით, მეცნიერებითა და ხელოვნებითურთ, შევკარი სიმდაბლით და ვეკითხები:
    - რატომ გაქვს ასეთი სიშმაგე ჩვენს წინააღმდეგ და რას გვებრძვი ასეთი მძვინვარებით?
    ის კი მპასუხობს:
    - რათა ბევრი მეგობარი მყავდეს ჯოჯოხეთში და ნაზარეველის წინაშე ვიქადოდე, რომ მხოლოდ მე კი არა ვარ დამნაშავე, არამედ აი, რა ბევრნი არიან ჩემთან ერთად.
    და ისევ ავიჭერი ზეცაში მადლითა და სულიერი ჭვრეტით და ვიხილე სამოთხის ენით უთქმელი სილამაზე, რომელიც ღმერთმა თავის მოყვარულთ განუმზადა.
    და ყოველივე ამის შემდეგ მცირედ განმეშორა მადლი და ფეხები ოდნავ მომეკვეთა. და ერთგვარ მცონარებაში ჩავვარდი და ძილმა შემიპყრო, და მრავალ სიკეთეს მომაკლო. და მალე ისევ აღვდექი და გავაჩაღე ომი და სისხლიანი შეტაკება. და როცა გავიმარჯვე, კვლავ ძილქუში მომერია. და ისევ მცონარებამ, ყოველგვარი ბოროტების დედამ, შემიჭამა ძვლები. მაგრამ ისევ ავდექი და ბრძოლა გავაჩაღე ყველა ეშმაკის წინააღმდეგ.
    თავიდან რვა წელი ხორციელ ვნებებს ვებრძოდი. დაწოლილს არ მძინებია, არამედ ან კუთხეში ფეხზე მდგარს, ან სკამზე მჯდომარეს. დღეში ორჯერ თუ სამჯერ საკუთარ თავს ვცემდი, ვღაღადებდი და ვტიროდი რათა ღმერთს შევეწყალებინე და ომი დაეოკებინა, ვიდრე არ შემიწყალა ყოვლადმოწყალემ და არ შეწყვიტა სატანის სიშმაგე. და ახლა ჩემს ურიცხვ სატანჯველს თითქოსდა მოკლედ აღვწერ, ერთ წვეთს გაძლევ ოკეანიდან.
    მთელი რვა წლის მანძილზე ყოველ ღამე ეშმაკთა ურდოები ჯოხებით, ნაჯახებითა და ყოველგვარი მავნე იარაღით გაშმაგებით მაწამებდნენ. ერთი ჩემს პატარა წვერში ჩამავლებდა ხელს, მეორე - თმებში, სხვები ხელებსა და ფეხებში. ყოველგვარ ბოროტებასა და ტანჯვას მაყენებდნენ. ყველანი ყვიროდნენ: "დაახრჩვეთ! მოკალით!" და მხოლოდ ქრისტესა და ჩვენი ღმრთისმშობლის სახელის ხსენებაზე ქრებოდნენ, და მათი ძალა კვამლივით იფანტებოდა. ბოლოს და ბოლოს უფალმა შემიწყალა და ამომიყვანა სატანჯველის სიღრმიდან და ორმოდან.
    და ახლაც ჩემო შვილო, უგუნური ვარ, ამას რომ გეუბნები, მაგრამ ეს გითხარი და განვაგრძობ ლაპარაკს, რადგან მგონია, რომ ამით სარგებელს მოგიტან.
    მაშ ასე, თუმცაღა სიყრმეში გაფურჩქვნის ასაკში ვიყავი, ახლა კი მრავალი ცვალების სატანჯველთაგან ასი წლის მოხუცივით დავბერდი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი შრომით მოვიპოვებ სარჩოს, როგორც შენ ნახავდი იქიდან, რაც გამოგიგზავნე. ათონის სხვადასხვა მონასტრიდან და სკიტიდან მოდიან ჩვენთან და ღმრთის მადლით იმას ვეუბნებით, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
    შინაგან შრომას ვაგრძელებ და უნაკლოდ აღვასრულებ ჩემს მონაზვნურ ვალდებულებებს. და ღამით, როცა გონება საკმაოდ დაიღლება ლოცვით, ვწერ უამრავ წერილს, რომელთაც ქრისტიანები ხშირად მთხოვენ სარგებელისათვის. და ყოველივე იმის შემდეგ რაც შენ მოისმინე, სასოწარკვეთილებას ვეძლევი, რომ არ აღვასრულებ ჩემი უფლის ნებას. ვტირი და ვამბობ: "ნუთუ ვინმემ იცის, სათნოა თუ არა ღმრთისათვის ის, რასაც ვაკეთებ, ან იქნებ ვცდები ან ვტყუვდები და მაშინ, როცა სხვებს ვუქადაგებ, თავად ვარ უვარგისი? რადგან ჩემგან დაფარულია ღმრთაებრივი ნება ჩემი უფლისა. რადგან ვინ შეიცნო ყოვლისმპყრობელის გონება ან ვინ დაუდგება წინ, უკეთუ უშჯულოებათაებრ მიაგებდეს"
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები