ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სულიერი ბრძოლა, კეთილი ზრახვები, ბოროტი ზრახვები
წმიდაო მამაო, რა დაგვეხმარება "მემარცხენე" ზრახვებთან ბრძოლაში?
საკუთარი თავის მიმართ სიფხიზლე და გამუდმებული ლოცვა. როდესაც საკუთარ თავს ფხიზლად მეთვალყურეობ, ფრთხილად იქცევი და კეთილ ზრახვებს ამუშავებ. მაგალითად, როდესაც ფინჯანს ხედავ, ფიქრს იწყებ წმიდა ბარძიმზე, საიდუმლო სერობაზე, ქრისტეზე. მაგრამ თუ სულიერად ფხიზლად არა ხარ, შესაძლოა, გონება უამრავ არასულიერ, ან - ან პირდაპირ ცოდვილ საგანზე გაგექცეს, ამიტომ შეეცადე, რომ საკუთარ თავში არ შეაგროვო აზრების "ნაგავი", იმიტომ, რომ მერე ამ ზრახვების განსადევნდ მცირეოდენი ძალისხმევა აღარ იკმარებს. იკითხე იესოს ლოცვა და სულიერად მობილიზებული იყავი, თუ გონება სადღაც გაგექცევა, კვლავ უკან დააბრუნე ის. გამუდმებით აკეთე ეს, გონებას ტრიალის საშუალებას ნუ მისცემ. თუკი გონება გამუდმებით იმყოფება არა პირდაპირ ცოდვილი აზრების სფეროში, არამედ - ნეიტრალური საგნების ირგვლივ ტრიალებს, ეს ნეიტრალური აზრები იტაცებენ მას და მის "ნეიტრალიზებას" ახერხებენ. სწორედ ამ დროს იფლანგება იგი ამაოდ. ამასთან, დაბნეულობის შედეგად შობილი აზრები გაცილებით მზაკვარია, ვიდრე - აშკარად ბოროტი აზრები. პირველთ ხომ, როგორც წესი, ვერ ამჩნევენ და ამიტომ, არც ცდილობენ მათ თავიდან მოშორებას.