image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, მსმენია, რომ იტალიასთან ომის დროს ბერძნები ცდილობდნენ, ჯერ მოწინააღმდეგის სიმაგრეების გაენადგურებინათ და შეტევაზე მერე გადასულიყვნენ.
ამგვარივე საშუალებებით მოქმედებს ეშმაკი. ანუ, იმ მოწინააღმდეგის მსგავსად, რომელიც თვითმფრინავიდან უშენს ყუმბარებს მტრის სიმაგრეებს, რათა გაანადგუროს ისინი, შემდეგ კი საარტილერიო შეტევას წამოიწყებს. ეშმაკი ჯერ ზრახვებით დაცხრილავს ადამიანის გულს, შემდეგ კი პირდაპირ ესხმის მას თავს. ეშმაკი თავს ისე არ დაესხმის კაცს, თუ თავდაპირველად მის ზრახვებს არ გარყვნის, კეთილი ზრახვები ხომ იცავს ადამიანს, ისინი მისი "სანგარია".
    
    "მემარცხენე" ზრახვა - ეს უცხო სხეულია და ადამიანი მის მოშორებას უნდა ცდილობდეს. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, ამ ბრძოლაში ჩაებას, თავს ვერავინ გაიმართლებს იმით, რომ სუსტია და ბრძოლის ძალა არა შესწევს. კეთილი განზრახვა ხომ წერაქვი ან ურო არ არის, რომ სუსტი ადამიანი მას ვერ მოერიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელები უკანკალებს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი კეთილად დავინახო. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება რაღაც სიმახინჯეებს?! სინამდვილეში ხომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი ასე თვითრჯულობის გამო კი არ იქცევა, არამედ საგანგებოდ იმისათვის, რომ თავი დაიმდაბლოს.
წმიდაო მამაო, მე კი სულ "მემარცხენედ" "მიმუშავებს" გონება და ეს ძალიან მაწუხებს. ბრძოლით კი ვიბრძვი, მაგრამ "მარჯვნივ მობრუნება" არ შემიძლია.
თუ შენ გაწუხებს ისინი და მათ განდევნას ცდილობ, ეს უკვე გარკვეული წინსვლაა. თუ წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ, როდესაც მაცდური "მემარცხენე" აზრებით გესხმის თავს, გიბიძგებს, რომ მისკენ შებრუნდე, ამ დროს საჭე მთელი ძალით შემოატრიალე საწინააღმდეგო მიმართულებით, მტერს კი ნურავითარ ყურადღებას ნუ მიაქცევ. სცადე, რომ საკუთარ თავში დანერგო კეთილი აზრები, როგორც უფროსი, ისე უმცროსი დების მიმართ, რომლებიც საკუთარი შინაგანი ღვაწლით არიან დაკავებულნი. ეშმაკი ხომ იმისთვის რყვნის შენს აზროვნებას, რომ შენი სულიერი ზრდა შეჩერდეს. საკუთარი ზრახვები რომ არ გიშლიდნენ ხელს, წინ გიგანტური სულიერი ნაბიჯებით ივლიდი. მთელი სულიერი ცხოვრება ზრახვებზეა დამოკიდებული. ზრახვებზეა დამოკიდებული წარმატებები სულიერ ცხოვრებაში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები