image

თემა: მკვლელობა,  აბორტი

კლდის გამონაშვერზე, როგორც ციხე-კოშკის ბაქანზე, სპარტანელებს ის შვილები მიყავდათ, რომლებიც ქალაქის უხუცესების შეფასებით გამობრძმედილ მეომარ-ჰოპლიტებად არ ივარგებდნენ. ამ ბავშვებს მშობლების თვალწინ ხრამში ჩეხავდნენ, რომელიც სისხლს მოწყურებული გველეშაპის დაღებულ ხახას ჰგავდა. სპარტანელს არ უნდა ჰქონოდა სიბრალული! ამ ქალაქ-სახელმწიფოში, რომელიც სამხედრო ბანაკი უფრო იყო, სნეულებს, სუსტებს და გონჯებს არ ეცხოვრებოდათ.
    საუკუნეთა მანძილზე მიმდინარე ეს ჰეკატომბა, სპარტის დიდებისა და ძლიერების შესაწირი იყო. თუ ნაშიერი ბასრი კბილებითა და ბრჭყალებით არ იბადებოდა, მას ურჩხული ყლაპავდა. დახოცილ ჩვილთა მჩქეფარე სისხლი ვინმეს რომ ერთად ჩაესხა ხევში, კეთილმასპინძლის ღვინით პირსავსე სასმისის მსგავსად გაივსებოდა. სპარტა ავაზაკთა თბილი თავშესაფარი იყო. სპილენძის მშვილდივით ძლიერი კუნთების მქონე ყაჩაღი გმირად ითვლებოდა. ხოლო ბავშვი, რომელიც მამის იარაღს ვერ დაძრავდა, უნდა მომკვდარიყო. სპარტანელთათვის სისუსტე და სიბრალული ყველაზე დიდი დანაშაული იყო. მაგრამ ისტორიული სელექციისა და დაკანონებული სისასტიკის ცდამ არ გაამართლა. ოდესღაც დარიოსისა და ქსერქსეს ურდოთა მძლეველმა სპარტანელებმა მათი დიდების დაისის ჟამს სციპიონის ლეგიონთაგან მხდალი გაქცევით უშველეს თავს. მათი უკანასკნელი მეფე ნადირის მსგავსად რკინის გალიაში იყო ჩასმული. გაქრა თვით სპარტაც. თითქოსდა სწორედ იმ ხევმა შთანთქა, სადაც ქალაქის ნაგავივით საბრალო ბავშვებს ყრიდნენ.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები