ავტორი:
წმ. ევაგრე მონაზონი
თემა: გულისთქმანი
7. ანგელოზურ, ადამიანურ და ეშმაკეულ გულისზრახვათა შორის დიდი დაკვირვების შედეგად შეცნობილი მაქვს იმ განსხვავების არსებობა, რომ, უპირველესად, აგელოზური გულისზრახვები მოვლენათა ბუნებას გამოეძიებენ და მათ სულერ საზრისებს იკვლევენ, როგორც, მაგალითად, იმას, თუ რის გამო შეიქმნა ოქრო, რა მიზეზით შთაითესა იგი მიწის ქვედა ნაწილებში ქვიშის სახით და რად მოიპოვებენ მას დიდი გარჯისა და შრომის ფასად, ანდა რად ხდება, რომ უკვე მოპოვებულს წყლით რეცხავენ, ცეცხლში აგდებენ და ამგვარად გადასცემენ ოსტატთა ხელებს, მისგან რომ "კარვის"(იგულისხმება მოსეს მიერ სინას მთაზე ხილული და შემდგომ ნივთიერად აგებული კარავი, იგივე კიდობანი _ საწამებელი) სასანთლეს, სასაკმევლეს, ტაკუკებსა და ფიალებს ქმნიან (შდრ. გამოსვლ. 25.22–39; II ნეშტ. 4.21), რომლებითაც, მაცხოვრის მადლით, აწ უკვე აღარ სვამს ბაბილონის მეფე (დან. 5.2–3), და კლეოპაც ამ საიდუმლოთაგან ანთებულ გულს დაატარებს (შდრ. ლუკა 24.32. მართლაც, ევაგრეს მხედველობაში აქვს ემაოსისკენ მიმავალნი, რომელთაგან ერთ–ერთის სახელიც კლეოპა. სწორედ ესენი ახსენებენ იმ "გულს", მათში რომ იყო "ანთებული" მაცხოვრის მერ მათდამი გაცხადებულ საიდუმლოთა ძალით) მაშინ როცა ეშმაკეულმა გულისზრახვამ ამგვარი რამ არ უწყის და არც საზრობს. მხოლოდღა გრძნობადი ოქროს მოხვეჭას შთაგვაგონებს იგი ურიდად და იმ შვებისა და დიდების შესახებ გვეწინასწარმეტყველება, ოქრომ რომ უნდა მოგვიპოვოს. რაც შეეხება ადამიანურ გულისზრახვას, იგი არც ოქროს მოხვეჭას ეძიებს, არცთუ იმას ცნობისმოყვარეობს, თუ რისი სიმბოლოა ეს ნივთი, არამედ მარტოოდენ ოქროს ლიტონი გამოსახულება შემოაქვს გონებაში, რაც განშორებულია ვნებასა და ანგარებას. ამავე აზრს გამოვხატავთ სხვა საგნებთან დაკავშირებითაც, თუ მას ზემორე კანონის მიხედვით საიდუმლოდ გავავარჯიშებთ.