ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: ზრახვები
ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხედვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდამიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩნიათ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასდროს იფიქრებს. ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: "ოფ, ეს პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე?!" იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს. ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღასრულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩაიბურტყუნებს: "მთელი ღამე გამათენებინეს!" ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აღივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: - ეს რა სიმღერებს გაჰკივიანო