ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ყურადღება
116. რადგან ამას (იგულისხმება ყურადღების სათნოება) ეწოდება გონითი სიბრძნისმოყვარეობა, მას შეუდექი დიდი მღვიძარებითა და მხურვალე წადიერებით, იესოს ლოცვასთან ერთად, სიმდაბლით, დაუცხრომლობით, გრძნობადი და გონითი ბაგეების მდუმარებით, საჭმელთაგან, სასმელთაგან და ყოველგვარი ცოდვითი საქმისგან თავშეკავებით. შეუდექი მას გონების გზით, ცოდნისმიერი აზროვნებით, და იგი, ღვთით, გამცნობს შენ იმას, რაც არ უწყოდი; იგი ცნობიერგყოფს, გაგანათლებს, გულისხმიერგყოფს, გასწავლის იმას, რისი გონებით აღქმაც წინათ არ შეგეძლო, რადგან მიმოიქცეოდი ვნებათა და ბნელ საქმეთა წყვდიადში და გფარავდა შენ უფსკრული მოვიწყარობისა და მშფოთვარებისა.(იგულისხმება, რომ ვნებებში ჩაფლულ ადამიანს დავიწყებული ჰქონდა ყოველივე ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტია და მარადგასახსენებელი).